თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო.

ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ოქრო ირგუნა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა.

ოქროსკენ მიმავალ გზაზე თუშიშვილმა ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუს ვალერი ენდოვიცკი იპონზე დააგდო.

ილია სულამანიძე (100) კი, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჩვენებურმა სტარტზე ბრიტანელი ოლივერ ბარეტი და რუმინელი ალექსანდრუ შიბიშანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, რუს ნიაზ ბილალოვთან წააგო.

ილიამ რეპეშაჟში შვეიცარიელი დანიელ ეშს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ მეტოქე ნახევარფინალში არასწორი ილეთის გამო დისკვალიფიცირებული იქნა.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვა: ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57), ლაშა შავდათუაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (90), გურამ თუშიშვილი (+100); ვერცხლის მედლები ერგოთ გიორგი სარდალაშვილსა (60) და ტატო გრიგალაშვილს (81), ბრინჯაო – ილია სულამანიძეს (100).

საქართველოს ნაკრებმა (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მედლების ხარისხით გუნდურად პირველი ადგილი დაიკავა; მეორე ადგილზე ფრანგები (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) გავიდნენ.