ევროპული სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა: ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების გათამაშებებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის 26-ე ტური გაიმართა.
ჩემპიონთა თასი
მიმოხილვას კვლავ მიხეილ შიოშვილზე საუბრით დავიწყებთ: ჭაბუკმა ქართველმა მერვედფინალის შემდეგ მეოთხედფინალშიც ითამაშა, „ტულონის“ სასტარტო 8 ნომერი იყო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა მაგრად იშრომა, ბურთი ტრადიციულად დიდ მანძილზე მიჰქონდა და როცა ვალმოხდილმა 67-ე წუთზე მოედანი დატოვა, „ტულონი“ გლაზგოში იქაურ „უორიორზს“ 22:19 ამარცხებდა. ამასაობაში თამაშში სხვა ქართველი – მრავალნაცადი ბექა გიგაშვილი ჩაერთო და ტულონელებს უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარა. „ტულონმა თავისი მე-4 ჩემპიონთა თასისთვის მორიგი ნაბიჯი გადადგა.
ნახევარფინალში კი ტულონელებს „გლაზგოზე“ მძლავრი მეტოქე ეყოლება – ჩემპიონთა თასის 4-გზის მფლობელი ირლანდიური „ლენსტერი“, რომელმაც ინგლისური „სეილ შარქსი“ 43:13, ანუ ერთობ დაუძაბავად დაამარცხა. „ლენსტერისა“ და „ტულონის“ ნახევაფინალი 2 მაისს დუბლინში გაიმართება.
3 ივლისს კი თავისებური სარაგბო სუპერთასი გაიმართება – ჩემპიონთა თასის მოქმედი მფლობელი ფრანგული „ბორდო“ ჩელენჯ თასის ბოლო გათამაშების ტრიუმფატორ ინგლისურ „ბათს“ უმასპინძლებს. მეოთხედფინალში „ბორდოს“ საფრანგეთის ჩემპიონ „ტულუზთან“ მძიმე ბრძოლა ჰქონდა, რომელიც 30:15 დასრულდა, ხოლო „ბათმა“ თანამემამულე „ნორთემპტონს“ დიდი გაჭირვებით 43:41 მოუგო. „ბათიც“ და „ბორდოც“ ჩემპიონთა თასს თითოჯერ ფლობდნენ, ანუ აღნიშნულ ჯილდოს მთლად ახალი მეპატრონე არ ეყოლება.
ჩელენჯ თასი
„ლა როშელმა“ მეოთხედფინალში სერიიოზული საკადრო პრობლემების ფონზე ითამაშა. ალბათ ამის ბრალია, რომ ბორჯღალოსანმა ბურჯმა სანდრო ქუნთელიამ პირველიდან 47-ე წუთამდე მეორე ხაზში ითამაშა, ხოლო ასევე ბორჯღალოსანი კვაჭი ნიკა სუთიძე მარქაფიდან შეცვლაზე 38-ე წუთზე შევიდა და ადგილი შერკინების მესამე ხაზში დაიკავა. ქართველების გუნდმა ირლანდიაში „ალსტერთან“ 24:41 წააგო და შიდა ჩემპიონატზე გადაერთვება.
აი, ბაჩუკი ჭუმბაძე და მისი „ექსეტერი“ ნახევარფინალში გავიდნენ. ინგლისელებმა ტრევიზოში „ბენეტონს“ თამაშის ბოლოსღა აჯობეს – 44:41. ჰოდა, 2 მაისს, ნახევარფინალში, ხსენებული „ალსტერი“ სწორედ „ექსეტერს“ უმასპინძლებს.
3 მაისს ერთმანეთს ფრანგული „მონპელიე“ და უელსური „დრეგონსი“ დაუპირისპირდებიან. ფრანგებმა ირლანდიური „კონახტი“ იოლად – 45:22 დაამარცხეს, ხოლო უელსელებმა პარმაში იქაურ „ძებრეს“ 35:32 სძლიეს.
ცნობისთვის, ნახევარფინალისტთაგან ჩელენჯ თასს მხოლოდ „მონპელიე“ ფლობდა – 2017 და 2021 წლებში.
პრო დ2
„ნევერმა“ ბიარიცში 41:38 მოიგო და მისმა ქართველებმა ამჯერადაც იყოჩაღეს – კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა გასულ ტურში შესრულებულ დუბლს ერთი ლელო ბასკეთშიც წაამატა. ასევე ზედიზედ მეორე მატჩში ლელო რატი ზაზაძემაც იზეიმა და თუ მისთვის ეს იყო პრო დ2-ში ჯამურადაც მეორე ლელო, ლუკას ამ სეზონში უკვე 8 ლელო მოუგროვდა – ყველაზე მეტი ქართველ ლეგიონერთა შორის.
გასულ ტურში საინტერესო კიდევ ის იყო, რომ „მონ-დე-მარსანს“ პროვანსულ მარჩში იოანე იაშაღაშვილმა უკაპიტნა. იოს და ლუკა გოგინავას გუნდი თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსთან“ 33:42 დამარცხდა.
და კიდევ: ილია სპანდერაშვილმა „კოლომიესთან“ 32:25 მოგებულ მატჩში მიმდინარე სეზონში „ვალანს რომანში“ მე-20 თამაში ჩაატარა და მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მას მომდევნო მატჩს მიღმა ავტომატურად დატოვებს.

![თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/04/Kvara-2-218x150.jpg)



