პრო დ2-ში მე-11 ტური გაიმართა, არადა მსოფლიოში გაგანია ნოემბრის ტესტებია. უნდა ითქვას, რომ პრო დ2 სულაც არაა ხელწამოსაკრავი ლიგა და უკლებლივ ყველა მისი კლუბი სანაკრებო ტესტების სეზონმა საგრძნობლად დაასუსტა. ასე რომ, ვისაც ნაკლები ხალხი ჰყავს ეროვნულ გუნდებში დელეგირებული, ამ პერიოდში ის ხეირობს ხოლმე.

ამასობაში, გასულ ტურში 19-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და ინდივიდუალურად თავის გამოჩენა მხოლოდ დაჩი პაპუნაშვილმა მოახერხა, რომელმაც ბორჯღალოსნების რიგებში თედო აბჟანდაძის მივლინებით ისარგებლა და „ორიაკის“ დამრტყმელის სტატუსი დაიბრუნა.

თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ პაპუნაშვილის „ორიაკმა“ „პროვანსთან“ საშინაო მატჩი ბოლო 20 წუთში წააგო. 59-ე წუთისთვის ყველაზე „ქართულმა“ გუნდმა 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – თორნიკე ჯალაღონიას გარეშე დარჩენილ პროვანსელებს 31:10 ამარცხებდა. ჰოდა, ხსნებულ 20 წუთში, ანუ მას შემდეგ, რაც მასპინძელთა მწვრთნელმა ბრწყინვალედ მოთამაშე შერკინების სამარქაფოებით განახლება დაიწყო, სტუმრებმა ამ უზარმაზარი ჩამორჩენის აღმოფხვრა მეთოდურად დაიწყეს და იმდენი მოახერხეს, რომ დროის ამ მონაკვეთში 22 უპასუხო ქულა დააგროვეს, რაც გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდა.

უპირატესობის განიავებამდე კი „ორიაკი“ ბრწყინვალე იყო – 3 ლელო გაიტანა, რომელთაგან ორი დაჩი პაპუნაშვილმა გარდასახა. ეს კი არა, ახალგამოჯანმრთელებულმა ფულბექმა კიდევ 4 ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მატჩი 16 ქულით დაასრულა, თუმცა, ორიაკელები ბოლოს მაინც გატყდნენ და ნუგეშ-ქულასღა დასჯერდნენ. პაპუნაშვილმა სეზონში მე-8 მატჩში მონაგარი 93 ქულამდე გაზარდა, სულ კი მის ანგარიშზე 30 შეხვედრაში 139 ქულაა.

ლიგას კი 39 ქულით მიშიკო ალანიას „ვანი“ ლიდერობს, რომელმაც „გრენობლს“ მოუგო – 28:18, ხოლო ალანიამ ბოლო 6 წუთი ითამაშა.

საპლეიოფო ექვსეულში მე-5 საფეხურზე „ნევერია“, რომელმაც 5 ქართველის დახმარებით ვერ მოახერხა მეორეადგილოსან „კოლომიესთან“ ტოლ-სწორად ბრძოლა – 6:49. მეექვსეზე კი „აჟენია“, რომელმაც შინ 23:27 წააგო „ოიონაქსთან“.

ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე „მონ-დე-მარსანი“ აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ანგულემთან“ 6:16 წააგო.