No description available.საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში გამართული პირველი ტური საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის.

ისე მოხდა, რომ განსაკუთრებულად წარმაეტბული სტარტი ორ ბორჯღალოსან ბექას გამოუვიდა – „ტულონის“ მარჯვენა ბურჯმა გიგაშვილმა საუცხოოდ ჩაატარა თავისი წილი 1 საათი „ბაიონთან“ 40:25 მოგებულ შეხვედრაში და ჯილდოდ „მიდი ოლიმპიკის“ ტურის სიმბოლურის წევრობაც მიიღო; ხოლო „ლიონის“ ფლანკერმა საღინაძემ ბრივში 31:27 მოგებულ შეხვედრაში თავისი გუნდის ბოლო ლელო დადო და „ლიონი“ „ბრივისთვის“ მიუწვდომელი გახადა.

საღინაძის ლელოზე ოდნავ ვრცლად უნდა ითქვას – არანორმალურად აქტიური დავით ნინიაშვილის მორიგი გარღვევა ბრიველებმა ლელოს მისადგომებთან რის ვაი-ვაგლახით შეაჩერეს, თუმცა რაქში გადასული შეტევა მარცხენა ფლანგზე განვითარდა, სადაც ლელოში ბურთიანად უკვე საღინაძე შევარდა, მის შეჩერებას კი ორი კაცი აღარ ყოფნის, ისეთ ჯანზეა ჩვენი მესამეხაზელი!

რაც შეეხება ნინიაშვილს, იგივე „მიდი ოლიმპიკმა“ აღნიშნა, რომ „ლიონის“ გამარჯვება მისი ახალბედა სამხრეთაფრიკელი მესამეხაზელის, 30 წლის არნო ბოთას და ჭაბუკი ქართველის უმაგრესმა თამაშმა განაპირობა.

„გრძელ ფრთაზე პირველად მოთამაშე გასული სეზონის მთავარმა აღმოჩენამ ბურთიანად გაქცევა 18-ჯერ (!) მოახერხა და მეორე და მეოთხე ლელო სწორედ მის გარღვევებს მოყვა“, – ნათქვამია ყველაზე ავტორიტეტული სარაგბო გამოცემის კომენტარში.

დათუნამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბექა საღინაძე ლელოს დადებისთანავე დაასვენეს. რაც შეეხება „ბრივს“, მის სასტარტოში ვანო კარკაძე იყო, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვასილ ლობჟანიძე თამაშში პირველი ტაიმის მიწურულს ჩაერთო და უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო ბორჯღალოსანი 9 ნომრისთვის საუკეთესო მატჩი…

„ტულონ“-„ბაიონის“ შეხვედრას დავუბრუნდეთ: კოტე მიქაუტაძე ბასკებში 52 წუთზე გამოჩნდა, თუმცა ეგრევე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი დაისვენა.

No description available.გია ხარაიშვილი „რასინგ-92“-ის შემადგენლობაში 48-ე წუთზე გამოჩნდა და პარიზელებმა „კასტრი“ 25:19 დაამარცხეს.

ბექა გორგაძის „პომ“ „პერპინიანს“ უმასპინძლა და 16:14 დაამარცხა. ბორჯღალოსანი 8 ნომერი თავის გუნდში საუკეთესო იყო და პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა. ბასკთა შორის სადებოიტო მატჩი გურამ პაპიძემ ჩაატარა, რომელმაც სრული მეორე ტაიმი დაჰყო მინდორზე.

„სტად ფრანსემ“ „კლერმონს“ 24:18 მოუგო და პარიზელთა სასტარტოში 54-ე წუთამდე გიორგი მელიქიძე იყო.

ჩემპიონთა თასის მფლობელმა „ლა როშელმა“ საფრანგეთის ჩემპიონ „მონპელიეს“ 26:25 მოუგო და ამ უკანასკნელის რიგებში ბოლო 18 წუთი გელა აფრასიძემ ითამაშა.

ამ ტიტულების შარშანდელმა მფლობელმა „ტულუზმა“ კი იდენტური ანგარიშით „ბორდო“ დაამარცხა“, რომელშიც 53-ე წუთზე ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა.