თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის.

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57) კონტინენტის ჩემპიონები არიან.

ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. ჩვენიანი თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 15 წამით ადრე მეტოქე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო… თუმცა, ლიპარტელიანი აქამდე მსოფლიოს ჩემპიონიც გამხდარა.

ლიპარტელიანმა თბილისური ოქროსკენ მიმავალ გზაზე ჯერ ნორვეგიელი ელის ბოერაასი ოთხი იუკოთი დაამარცხა, შემდეგ მერვედფინალში იტალიელი ვერონიკა ტონიოლოს მოუგო, მეოთხედფინალში რუს ქსენია გალიცკაიას აჯობა, ხოლო ნახევარფინალში – სერბ მარისა პერიშიჩს.

შავდათუაშვილი კი ფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაეჭიდა, დამატებითი დროის მეექვსე წუთზე გაფრთხილებების ხარჯზე დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა.

ფინალამდე შავდათუაშვილმა ჯერ ფინელი ოლინი დამატებით დროში დაამარცხა, შემდეგ რუმინელ დუმიტრეკუს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში კოსოვოელ აკილ გიაკოვას მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ჟან-ბენჯამინ გაბა დაამარცხა.

ამავე წონაში მიხეილ ბახბახაშვილმა უნგრელი დანიელ სეგედი დაამარცხა, მეორე ჯახში ჩეხეთის სახელით მოასპარეზე კარიმოვს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში თურქ ჩილოღლუსთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

საქართველოს დელეგაციას უკვე სამი მედალი აქვს მოპოვებული. შეგახსენებთ, პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილმა (60) ვერცხლი ირგუნა.

18 აპრილს იჭიდავებენ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია (ორივე 70); ტატო გრიგალაშვილი (81), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90).