საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართული რაგბისთვის ერთობ სიმბოლური ფაქტი დაფიქსირდა: ბოლო წლების საუკეთესო ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა გორგაძემ ევროპის უძლიერეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალი თაობის გამორჩეულმა წარმამოადგენელმა, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა მიხეილ შიოშვილმა „ტულონის“ კვართი ოფიციალურ მატჩში პირველად მოირგო, რამაც ამ დიად კლუბში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია.

ასე უნებლიედ გამოუვიდათ ფრანგებს ქართული რაგბის თაობებს შორის სიმბოლური ხიდის გადება. „ტულონი“ შიოშვილის გამოჩენას იმედებით შეხვდა – ამ ქალაქში არ დავიწყებიათ დიადი მამუკა გორგოძის ბრწყინვალება და ახალი ქართველი გოლიათის გორგოძის პოზიციაზე გამოჩენა დიდად ეიმედებათ.

19 წლის შიოშვილმა ლიონური მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ბოძებულ 62 წუთში მაგარი ბოჭვებიც აკეთა, ბურთიც მაგრად მიჰქონდა და შერკინებაშიც მაგრად აწვებოდა. ზორბა ჭაბუკმა ყველას დაანახა, რომ სერიოზულ ძალას დიდ რაგბშიც წარმოადგენს და „ლიონის“ სტადიონი იქაური ფანების აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა. თამაში კი ფრედ, 13:13 მორჩა. ტურის დასკვნით მატჩში კი ბორჯღალოსანთა კაპიტანმა ბექა გორგაძემ, როგორც ზემოთ ითქვა, მე-100 მატჩი ჩაატარა. მისი „პოს“ მეტოქე ევროპის საკლუბო ჩემპიონი და ბექას ყოფილი კლუბი „ბორდო“ იყო და ბასკურმა გუნდმა მრისხანე მეტოქს 39:17 სძლია. ამ გამარჯვების წყალობით „პომ“ ცხრილის მეორე საფეხური დაიბრუნა.

პირველზე კი, „პოსთან“ 12-ქულიანი ჰანდიკაპით, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ტულუზია“, რომელმაც ლიგის უპირობო აუტსაიდერი „მონტობანი“ 68:13 გაანადგურა.

მესამე საფეხურზე ლუკა ჯაფარიძის „მონპელიე“ ავიდა, რომელმაც „რასინგ-92“ ბონუსით დაამარცხა – 41:17. ჯაფარიძემ ბოლო 25 წუთი ითამაშა.

მეოთხეზე „კლერმონი“ დაფუძნდა, რომელმაც ასევე ბონუსით „ბაიონს“ მოუგო – 38:15. „ვულკანების სასტარტოში გიორგი ახალაძე იყო, ხოლო გიორგი ძმანაშვილი თამაშში მარქაფიდან ჩაერთო.

საპლეიოფო ექვსეულს „კასტრი“ ასრულებს, რომელმაც შინ „ლა როშელთან“ 26:31 წააგო და ნუგეშ-ქულასღა დასჯერდა. კასტრელთა ვეტერანმა ლევან ჩილაჩავამ ტოპ 14-ში 198-ე მატჩი ჩაატარა და გროსმაისტერულ 200-მატჩიან ნიშნულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ამ მატჩში საინტერესო კიდევ ის იყო, რომ ფულბექმა თუ გარემარბმა დავით ნინიაშვილმა „ლა როშელში“ ზედიზედ მეორედ შუამარბის პოზიციაზე ითამაშა.

დაბოლოს, „სტად ფრანსემ“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „პერპინიანს“ 42:21 მოუგო და ბონუსიც მიიღო, ხოლო საწყისი 32 წუთი პარიზელი გიორგი მელიქიძის პირისპირ შერკინებაში პერპინიანელი გიორგი თეთრაშვილი იდგა. ეტყობა, დედაქალაქელთა შერკინებამ კატალონიური მაგრად დაჩაგრა, რადგან ამ უკანასკნელთა მწვრთნელმა პირველი ხაზი სრული შემადგენლობით 32-ე წუთზე შეცვალა.