„შავი ლომი“ 2026 წელს მის მე-10 დღეს გახსნის. სწორედ 10 იანვარს, შაბათს, საფრანგეთის პატარა ქალაქ მონტობანის სტადიონ „საპიაკზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ტოპ 14-ის აუტსაიდერს შეერკინება.

ახლანდელი „მონტობანი“ იმ გაკოტრებული და გაუქმებული კლუბის სამართალმემკვიდრეა, რომელშიც უამრავ სახელოვან ბორჯღალოსანს უთამაშია. 1903 წელს დაარსებული სარაგბო კლუბის გუნდმა 1967 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ესაა „მონტობანის“ ერთადერთი მიღწევა ქვეყნის ელიტურ სარაგბო დივიზიონში. შარშან „მონტობანი“ ტოპ 14-ში სენსაციურად აღზევდა – სულ ბოლო მომენტში მოახერხა პლეი-ოფში მოხვედრა, სადაც სამი მატჩი მოიგო და ევროპის უძლიერეს ლიგაში ავიდა.

აქ კი გამოჩნდა, რომ გუნდი ასეთი მაღალი დონისთვის მოუმზადებელია – პირველი წრის 13 მატჩიდან 11-ს რომ წააგებ, ყველაფერია გასაგები. გუნდის განაცხადში 4 ქართველია, რომელთაგან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთმა ითამაშა – თბილისის „არმიაში“ გაზრდილმა ნუგზარ სომხიშვილმა. ლუკა აზარიაშვილი ჯერჯერობით არ ჩანს, ვახტანგ ჯინჭარაძე მძიმე ტრავმას იშუშებს ხოლო ახალგაზრდა ლევან ეზიეშვილი ესპუართა გუნდშია. ოთხივე პირველხაზელია. სხვათა შორის, სომხიშვილი შაბათს „შავ ლომთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

„მონტობანმაც“ და „შავმა ლომმაც“ ჩელენჯ თასის ორივე მატჩი წააგეს, ოღონდაც ფრანგებმა იტალიურ „ძებრესთან“ შეხვედრაში სანუგეშო ბონუსი გამოიმუშავეს და უქულო ქართული გუნდი ამიტომაა ცხრილის ბოლო ადგილზე.

„შავი ლომის“ შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია – გიგა კობახიძე მარქაფაშია და მეორე ტაიმში სავარაუდოდ ვეტერან ვასილ კაკოვინს შეცვლის. კაკოვინზე უფრო ვეტერანიც სასტარტოშია – სანდრო თოდუა ჯანმრთელადაა და აკა ტაბუცაძესთან ერთად ხაზის ფლანგებზე განლაგდება.

მიუხედავად ტრავმების გამო უამრავი წამყვანი ფიგურის მოსაკლისებისა, „შავი ლომი“ ნავსის გატეხვას და პირველი გამარჯვების მოპოვებას გეგმავს. გუნდი საბრძოლველადაა განწყობილი და ვნახოთ, რა გამოუვა.

მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება და მისი რეპორტაჟის ხილვა როგორც რაგბი ტვ-ზე იქნება შესაძლებელი, ისე რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „მონტობანთან“ მატჩში:

1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპიტანი), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა ცირეკიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა თაყაიშვილი.

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. შალვა აფციაური.