ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს დამატებით დროში მოუგო, შემდეგ რუს ეგორ ანდონის ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში სერბ ისლამ სოგენოვს ვაზარითვე გაუსწორდა, ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონგონ კიმთან იუკოთი იმარჯვა, ფინალში კი მოლდოველი მიჰაილ ლატისევს იპონით აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.
გიორგი სარდალაშვილი (60კგ.) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ქართველმა ძიუდოისტმა, ებრაელი იცხაკ აშპიზი და ყირგიზი ამან ბაკიტჟანი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანთან წააგო და ჭიდაობა ბრინჯაოსთვის მოუწია. მედლისთვის სარდალაშვილმა ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი საფინალო გონგამდე ოთხი წამით ადრე ვაზარიზე დასცა და მკერდი ბრინჯაოთი დაიმშვენა.
გრანდ სლემის ბოლო დღეს ბრინჯაო ირაკლი დემეტრაშვილმაც (+100კგ.) მოინაგრა. ჩვენებურმა გერმანელ ლასენი კონეს და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან წააგო, ბრინჯაოსთვის კი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს დაეჭიდა და ერთადერთი იუკოთი მოიგო.