Kenan Yildiz of Turkiye scores a goal during 2026 FIFA World Cup European Qualifiers Group E football match between Turkiye and Georgia at Kocaeli...
ილდიზის გოლი საქართველოს ნაკრების კარში

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი თვენახევრის დახურულია, მაგრამ „რეალი’’ გამალებულ მუშაობას არ წყვეტს. მადრიდელებს პრინციპად აქვთ, რომ გუნდი ყოველ წელიწადს უნდა ძლიერდებოდეს. მათ კარგად მოეხსენებათ – საუკეთესო ფეხბურთელების შეძენაში მთავარი კონკურენტები პრემიერლიგის კლუბები არიან და წინასწარ ემზადებიან.

„ყველაფერზე მნიშვნელოვანი ძლიერი შემადგენლობის ყოლაა. ამდენი წლის განმავლობაში სწორედ ამას ვცდილობ და ბევრი ტიტული რომ მოვიგეთ ძლიერი ფეხბურთელებით არის განპირობებული. ეს გახლავთ ბევრი ადამიანის ხანგრძლივი მუშაობის შედეგი. „რეალს’’ მთელს მსოფლიოში ჰყავს ფანები, რაც ერთი მხრივ სასიამოვნოა, მეორე მხრივ კი დიდი პასუხისმგებლობაა. ვაპირებ კვლავაც ბევრი ვიმუშაო, რათა მათ მომავალშიც სიხარული მივანიჭოთ’’, ― თქვა „ლოს ბლანკოსის’’ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა.

ესპანეთში წერენ, რომ „რეალის’’ პრეზიდენტის სიტყვები კარგი წინაპირობაა ქენან ილდიზის შესაძენად, რომელსაც მადრიდელები აკვირდებიან და შემდეგ ოთხშაბათს მეტოქის რანგში „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ელიან: 22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაში „რეალი’’ „იუვეს’’ მასპიძლობს.

მადრიდში მიაჩნიათ, რომ ილდიზი, რომელმაც სამშაბათს საქართველოს ნაკრებს გოლი გაუტანა, დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელია. მეტიც, თუ ბოლო დროს გაძლიერებულ ჭორებს გავიხსენებთ, მას შესაძლოა ვინისიუს ჯუნიორის შემცვლელადაც კი განიხილავენ. ვინისიუსს რაღა სჭირს? მადრიდულ კლუბს მასთან კონტრაქტის განახლება უჭირს. ბრაზილიელი ხელფასის მომატებას ითხოვს და სანამ თავისას არ გაიტანს, მანამდე ახალ ხელშეკრულებას ხელს არ აწერს. ფლორენტინო პერესს კი მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ იმ გასამრჯელოს რასაც ვინისიუსი ითხოვს, არავითარ შემთხვევაში არ დანიშნავს.

ილდიზის მადრიდში გადასვლა მისი და  თანამემამულის არდა გიულერის თანაკლუბელობასაც ნიშნავს.

რასაკვირველია, ილდიზის „რეალში’’ გაყიდვა „იუვენტუსზეა’’ დამოკიდებული. უნდათ კი ტურინელებს გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი 20 წლის ვარსკვლავის სადმე გაშვება?