Paris, France Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain reacts during the Ligue 1 McDonald's match between Paris Saint-Germain FC and AJ Auxerre...პარასკევს „პარი სენ ჟერმენმა’’ წვიმაში ივარჯიშა. წინა დღეს ბარსელონაში (2:1) გამარჯვებულ შემადგენლობას დასვენების დღე ჰქონდა. ვარჯიში ჩატარდა პრინციპით „ა ლა კარტ’’ ანუ ვინ როგორ ― ზოგი მკურნალობდა, ზოგი დარბაზში ვარჯიშობდა და ზოგიც მოედანზე იყო. პსჟ კვირას ლილში თამაშობს. „ლილი’’ ის გუნდია, რომელმაც შუა კვირაში პარიზელთა მსგავსად ევროთასზე გამოიჩინა თავი – „რომას’’ მოუგო 1:0.

გავიხსენოთ პარიზელთა დაშავებული ფეხბურთელები. დეზირე დუე, რომელიც 5 სექტემბერს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დაშავდა, ჯერ კიდევ არ არის მზად მოედანზე დასაბრუნებლად. ოსმან დემბელე ხუთშაბათს დოჰაში გაფრინდა და იქაურ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს. გამორიცხულია მარკინიოსის თამაშიც. ჟოაო ნევეშმა ბარსელონაში მატჩისწინა მოთელვაზე იგრძნო, რომ ორგანიზმი თამაშის საშუალებას არ აძლევდა და მწვრთნელებმა აღარ გარისკეს. საგულისხმოა, რომ იმ დღეს მისი მოედანზე გადასვლა მოთელვამდე 10 წუთით ადრე გადაწყდა, მაგრამ როგორც ვთქვით განზრახვა განზრახვად დარჩა. ეს ლუის ენრიკეს მიდგომაა: თუკი ფეხბურთელი ოდნავ დისკომფორტს მაინც იგრძნობს, გუნდი არ რისკავს. საინტერესოა, რომ ტრავმის მიუხედავად პორტუგალიელი შემდეგ კვირაში ნაკრებშია გამოძახებული. წაიყვანს თუ არა ლუის ენრიკე მას ლილში ჯერ ცნობილი არ არის.

ფაბიენ რუისზე კი გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ვერ ითამაშებს. ესპანელი ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან და ბულგარეთთან სათამაშოდ არ გამოიძახა. ის ბარსელონაში მოედანზე იყო, 72-ე წუთზე შეცვალეს.

და ბოლოს რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც „ოსერთან’’ შეხვედრაში კუნთი გაიჭიმა. ბოლო ცნობების თანახმად ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა და ლილში ქართველის თამაში გამორიცხული სულაც არ არის. მას სავარაუდოდ შეცვლაზე შეიყვანენ. კვარაცხელია საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმაც გამოიძახა ― „ჯვაროსნებს’’ ესპანეთსა და თურქეთში ელით ორი მძიმე შეხვედრა.

შესაძლოა ლუის ენრიკემ კვლავ მიმართოს როტაციის პრინციპს და მაგალითად ნუნუ მენდეშის ნაცვლად  ლუკა ერნანდესი ათამაშოს. მენდეშს დასვენება ნამდვილად არ აწყენს. ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ კარგა ხნის ნანატრ სასტარტო შემადგენლობას ეღირსება კან-ინ ლიც.

„პარიზიენი’’ ვარაუდობს, რომ პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება: შევალიე ― ჰაკიმი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი ― ვიტინია, ზაირ-ემერი, მაიულუ ― ლი, რამუში ან  ნჯანტუ, ბარკოლა.