„პარი სენ ჟერმენს’’ სანაკრებო კვირეული ძვირი დაუჯდა. კლუბის ხელმძღვანელები გაბრაზებულები არიან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მწვრთნელი ლუის ენრიკე ესპანეთში წასულა, სადაც ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. დღეს მან ოპერაცია უნდა გაიკეთოს. „პარიზიენი’’ წერს, რომ მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. გაზეთმა დაადგინა, რომ პსჟ-ს მწვრთნელთა შტაბის ერთ-ერთი წევრი ლუის ენრიკეს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ძალიან განიცდის საწვრთნელ ცენტრში მუშაობის ამბავს. ანუ, ოპერაციის შემდეგ მას რეაბილიტაცია სჭირდება, არადა მისი საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი პარიზში საწვრთნელ ბაზაზე ანუ კამპუსში ყოფინსგან შედგებოდა.
მაგრამ, ლუის ენრიკეს ტრავმის გარდა „პარი სენ ჟერმენის’’ დირექტორატი გაბრაზებულია იმის გამო, თუ როგორ მოექცნენ საფრანგეთის ნაკრებში მის ვარსკვლავს ოსმან დემბელეს, რომელიც უკრაინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში (საფრანგეთმა მოიგო 2:0) მოედანზე მეორე ტაიმში, ფეხნატკენი დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა და დაშავდა. 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მთავარმა კანდიდატმა მატჩის ჩამთავრება ვერ შეძლო, მე-80 წუთზე შესაცვლელი გახდა. ეკრანზე გამოჩნდა, რომ თავდამსხმელი ნელა, სახეზე ტკივილის გრიმასით გადიოდა და სავარაუდოდ პსჟ-ს მოახლოებულ, მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
14 სექტემბერს პსჟ ლიგა 1-ის ფორმატში „ლანსს’’ მასპინძლობს. 17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ახალ გათამაშებაში შინ „ატალანტასთან’’ ელის შეხვედრა, 21 სექტემბერს კი ლიგა 1-ის მორიგ ტურში „ველოდრომზე’’ „მარსელს’’ ხვდება.
სანამ საკლუბო შეჯიბრებები განახლდება, სამშაბათს საფრანგეთის ნაკრებს ისლანდიასთან უწევს თამაში, რომელშიც სავარაუდოდ, ვერც დუე მიიღებს მონაწილეობას და ვერც დემბელე. ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დუეზე ასე თქვა: „ის წვივში მზარდ დისკომფორტს გრძნობდა. არ მგონია, რომ ტრავმა სერიოზული იყოს. კარგად უნდა შევამოწმოთ’’.
შემდეგ დეშამს დემბელეს შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „სარისკო არაფერი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოედანზე არ შევიყვანდი. ოსმანი ჯანმრთელად იყო. ადრე მას სხვა თეძო სტკიოდა. მძაფრი არაფერი უგრძვნია და კარგ ფორმაში იყო. ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს. მედიკოსების გადასახედიდან და მისი პირადი შეგრძნებების მიხედვით, ტრავმის რაიმე წინაპირობა არ არსებობდა’’.
„დემბელეს მოედანზე შეყვანა სრული სიგიჟე იყო’’, ― საპირისპიროს ამბობენ „პარი სენ ჟერმენის’’ დერეფნებში.
ამრიგად, დეშამი ამბობს, რომ ტრავმა რომელიც დემბელეს 30 აგვისტოს „ტულუზთან’’ შეხვედრაში აწუხებდა სხვა იყო და ნატკენი ადგილის სკანირებამაც აჩვენა, რომ ფეხბურთელს ყველაფერი რიგზე ჰქონდა. დღეს პსჟ-სა და ნაკრების ექიმები კონსილიუმს მოაწყობენ.





