ეს იყო წარმოუდგენელი ტური. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონ პრო დ2-ში პირველი ტურის 8 მატჩიდან 5-ში ქართველებმა ლელოს გატანა მოახერხეს.
ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და 7-მა მათგანმა სეზონის სტარტი ლელოთი აღნიშნა, ეს კი უპრეცედენტო შემთხვევაა.
გასული სეზონის მიწურულს პრო დ2-ში ადგილის მხოლოდ პლეი-ოფის მოგების წყალობით შენარჩუნების შემდეგ „ორიაკმა“ ახალი სეზონი ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო. საფრანგეთის ყველაზე „ქართულმა“ სარაგბო კლუბმა ლიგაში დაბრუნებული „კარკასონი“ ბოუნსით – 41:10 დაამარცხა და მისი 6 ლელოდან 3 ქართველების ანგარიშზე მოვიდა. ჯერ იყო და, მე-16 წუთზე ბურჯმა ირაკლი მჭედლიძემ სტუმართა დაცვაში ნაპრალი მოძებნა და თამაშის პირველი ლელო დადო, რომელიც მის კარიერაში მე-2 იყო ლიგის 36 მატჩში. დაჩი პაპუნაშვილმა და ლუკა ნიორაძემ კი თავი მეორე ტაიმში გამოიჩინეს: დაჩი მე-60 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან უწია მიზანს და თავისი მე-2 ლელო გაიტანა 23-ე მატჩში, ხოლო ლუკამშეხვედრის დასკვნითი ლელო მიითვალა, რომელიც მისთვის პრო დ2-ის 108-ე მატჩში მე-17 გამოდგა.
„მონ-დე-მარსანმა“ კი, სასტარტოში სამი ქართველითურთ, საკუთარ მოედანზე „კოლომიესთან“ 20:24 წააგო და სანუგეშო ბონუსს დასჯერდა. ლუკა გოგინავამ 56 წუთი ითამაშა, ლადო ჩაჩანიძემ – 80-ვე, ხოლო იოანე იაშაღაშვილმა – მხოლოდ 32, თუმცა, ვიდრე ტრავმას მიიღებდა, მე-9 წუთზე იომ ანგარიში გახსნა და ეს იყო მისი მე-11 ლელო ლიგის 56 მატჩში. საკუთრივ ლელო მეტად ეფექტური გამოვიდა – იო თავისი გუნდის შერკინებას ჩათვლის მოედანზე შეჰყვა და ბურთიც იქვე დაამიწა.
„ნევერმა“ კი ტურის უმსხვილესი გამარჯვება იზეიმა, მოუგო რა მამუკა მსტოიანის „აჟენს“ 54:17. ნევერელთა გამარჯვებაში კი წვლილი სამმა ქართველმა მორაგბემ შეიტანა – ლაშა ფხაკაძემ, ილია კაიკაციშვილმა და ლუკა პეტრიაშვილმა. ამ უკანასკნელმა თავისი ნევერული დებიუტი სულაც ლელოთი აღნიშნა. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა კვაჭმა პრო დ2-ში 23-ე მატჩი ჩაატარა და ლელოს ავტორი პირველად გახდა.
„ოიონაქსისა“ და „გრენობლის“ დაპირისპირება საინტერესო იმად იყო, რომ აქ უნდა შემდგარიყო ლუკა მატკავას დებიუტი აღნიშნულ ლიგაში. ბორჯღალოსან მგეზავს ბოლო 27 წუთი მიეცა სადებიუტოდ, ხოლო ბოლო 15 მის გვერდით ვასილ ლობჟანიძემაც გაატარა – ნაკრების 9 ნომერმა. ოიონაქსელთა სასტარტოში ვანო კარკაძეც იყო. თუმცა, ამ გუნდმა საშინაო მატჩი 28:30 წააგო და სტუმარ ალპელთა 3 ლელოდან ერთ-ერთი გიორგი ჯავახიამ მიითვალა. ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა შეცვლაზე შესვლიდან 7 წუთში დერეფანი მოიგო, შემდეგ ჩაქცეული მოლიდან ბურთი აიტაცა და ხაზსიქით დაამიწა. ჯავახია მოქმედ ქართველ მორაგბეთაგან პრო დ2-ის მთავარი მელელოვეა და ოიონაქსში მან თავისი ანგარიში 129-ე მატჩში 21-ე ლელოს გაუტოლა.
დაბოლოს, შაბათის მატჩში კოტე მიქაუტაძისა და ვახტანგ აბდალაძის „ბრივი“ მიხეილ ალანიას ახალ კლუბ „ვანს“ 30:30 დაუზავდა და მიშიკომ დებიუტი ეფექტური ლელოთი აღნიშნა – 29-ე წუთზე ბურთი რაქიდან აიტაცა და ჩათვლის მოედანზე შევარდა, ეს იყო ალანიას მე-9 ლელო პრო დ2-ის 77-ე მატჩში.
ეს შვიდი და სხვა მრავალი!





