ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში, ლეგენდარულ „ფრი სთეით სთედიუმზე“, რომლის დღევანდელი, სპონსორული სახელწოდება „ტოიოტა სთედიუმია“, მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარეს.
ადგილობრივი ფრენჩაიზი „ჩიტასი“, რაც აფრიკაანსიდან ითარგმნება როგორც „გეპარდები“, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 24:20 აჯობა და ისე იზეიმა, თითქოს ქარის თასი ან სუპერ რაგბი მოეგო. პირველ ტაიმში აფრიკელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ეს ლოგიკურიც იყო – ბორჯღალოსნებს ხომ რამდენიმე დებიუტანტი ჰყავდათ, რამდენიმე კაცი ნაკრებში წლების შემდეგ დააბრუნეს და სულ რამდენიმე იყო ისეთი, ვისაც 20 ივლისს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან რკენა მოუწევს.
რიჩარდ კოკერილის მთავარმა საყრდენმა ძალამ დაისვენა, მაგრამ მათ, ვინც ბლუმფონტეინში ითამაშეს, საბოლოო ჯამში მაინც მეტად დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რა თქმა უნდა, შეუთამაშებლობა დიდი იყო, მაგრამ ინდივიდუალურად ჩვენი გუნდი, ცხადია, აფრიკულზე უკეთესი იყო. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 14:7 მოიგეს, თან ჩვენი ლელო წითელ დროში გავიდა – გარემარბმა შალვა აფციაურმა მრავალფაზიანი შეტევა ალამთან ბურთის დამიწებით დაასრულა. თედო აბჟანდაძემ ზედ გვერდითი ხაზიდან, თანაც მარჯვენა ფლანგიდან ზუსტად დაარტყა და ტაიმიც დასრულდა.
აი, მეორე ტაიმში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ოღონდაც მატერიალური შედეგი ამას ნელა მოჰყვებოდა. აფციაურმა ჩაჭრილი ბურთით 80 მეტრზე მეტი ეულად ირბინა და დუბლიც გაიფორმა. თედომ ესეც გარდასახა და წონასწორობა აღდგა. ამის მერე გუნდმა ჯარიმების კარში დარტყმა რამდენიმეჯერ იუარა, თამაშის აუტში გაგრძელება განიზრახა, ყოველ ჯერზე შეუთანხმებლობის გამო ბურთი დაკარგა და როგორც იქნა, კარში დარტყმაც გადაწყდა.
აბჟანდაძემ ანგარიში 17:14 გახადა, თუმცა მცირე ხანში აფრიკელებმა ცენტრთან ახლოს ჯარიმა მოიპოვეს, მშვენივრადაც დაარტყეს და კვლავ გაათანაბრეს. თედომ კიდეც ერთი ჯარიმით კვლავ ბორჯღალოსნები დააწინაურა – 20:17, თან ქართველთა შეტევები არ წყდებოდა, მაგრამ შეუთამაშებლობამ ძალიან დაგვაღალატა, რამდენიმე არასაჭირო ჯარიმაც ავიკიდეთ და ბოლოს დავისაჯეთ კიდეც – „ჩიტასმა“ ლელო-გარდასახვა არაფრისგან შექმნა და თამაშიც რამდენიმე წამში მორჩა – 24:20 მასპინძლების სასარგებლოდ.
წინ წლის მთავარი მატჩია – 19 ივლისს ქალაქ მბომბელაში „მბომბელა სთედიუმზე“ მსოფლიოს 4-გზის, თან მოქმედ ჩემპიონს და ამავდროულად „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგის ლიდერ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ვეთამაშებით. დასაწყისი 19:10-ზე.





