Giovanni Di Lorenzo of SSC Napoli react during the Serie A TIM match between Empoli FC and SSC Napoli at Stadio Carlo Castellani on April 20, 2024 in...ბოლო დღეებში პრესაში გააქტიურდა საფეხბურთო აგენტი მარიო ჯიუფრედი, რომელმაც Canale 8-ის პროგრამა „ტერცო ტემპოში” ანუ მესამე ტაიმში ილაპარაკა. ის თავისი კლიენტების, უპირველეს ყოვლისა კი ჯოვანი დი ლორენცოს გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

„გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა: „დღეიდან მოყოლებული სეზონის ბოლომდე დე ლაურენტისი თავისი ფეხბურთელების ყოველ ასპექტს შეაფასებს. მათ კი მოუწევთ დაამტკიცონ, რომ კვლავ „ნეაპოლელები” არიან. კაპიტანი დი ლორენცო გუნდის სიმბოლოა. ის ყოველთვის წინ მიუძღვის გუნდს. იგი იმდენად გამოკვეთილი ლიდერია, რომ კრიტიკის ქარცეცხლშიც პირველი ხვდება, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ განაახლა, შეიძლება თავის მომავალზე დაფიქრდეს”.

მედიამ დი ლორენცოს მომავალი იმიტომ ახსენა, რომ მასზე ჯიუფრედიმ ჩამოაგდო სიტყვა, მაგრამ უცნობ მიზეზთა გამო აგენტს თავისი ნათქვამის განმარტება და უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლა მოუხდა.

„ჩემი ნათქვამი მომენტის გამოძახილი იყო. მაშინ რამდენიმე მოლაპარაკებას ვაწარმოებდი და ის სიტყვები მათ ეხებოდა. მე ვლაპარაკობდი ჩემს კლიენტზე და მასთან დაკავშირებულ სხვა სიტუაციაზე. ჩემი ფრაზით ხმაურის ატეხვას არ ვაპირებდი. არც ვინმეზე თავდასხმა გამივლია გუნებაში. ღია მოლაპარაკებებს თავისი დინამიკა აქვს და მაშინდელი ნათქვამი ზოგად მდგომარეობას კი არა, იმ კონკრეტულ დღეებს ეხებოდა. დე ლაურენტისი ყოველთვის თავისი სიტყვის ერთგულია. ის დაპირებებს ასრულებს და ფეხბურთელებს, რომლებსაც ახალ კონტრაქტს უფორმებს, უკმაყოფილების საბაბი არასდროს აქვთ”.

შემდეგ ჯიუფრედიმ თქვა, რომ „ნაპოლის” ცუდი თამაშს მარტო ერთი მიზეზი არ აქვს. მისი აზრით ეს გასული ზაფხულიდან შექმნილმა სხვადასხვა სიტუაციამ განაპირობა, მაგრამ ის, რომ ფეხბურთელებმა გუნდს უნდა უერთგულონ და თავი დადონ, განხილვას არ ექვემდებარება.

დი ლორენცოსთან დაკავშირებული ამბავი კი აგენტმა ასე დაასრულა: „ბოლო ხუთ წელიწადში ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, მას ზედიზედ სამი თამაში გაეცდინოს. ცხოვრებაში რასაკვირველია არსებობს რთული პერიოდები, მაგრამ დი ლორენცოს ასეთ დროსაც კი არ აურიდებია ბრძოლისთვის თავი. ხშირად ხალხმა, რომელიც ირწმუნება რომ იცის რაც ხდება, სინამდვილეში არაფერიც არ იცის. ანჯერად ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ნებისმიერი, ვინც ამ რთული სეზონის შემდეგ „ნაპოლიდან” გაიქცევა, ლაჩარია”.

სავარაუდოდ, მარიო ჯიუფრედიმ ბოლო წინადადებაში გადააჭარბა.