გასული კვირის მიწურულს ევროპაში საკლუბო სარაგბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში – პრო დ2-ში 25-ე ტური შედგა.

ჩემპიონთა თასი

მთავარი ევროთასის მერვედფინალის მატჩებში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ქართველმა მიიღო. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ ინგლისურ „სარასენსს“ უმასპინძლა და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე – 45:12 დაამარცხა. ქართველი ბურჯი შეხვედრაში 55-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა.

აი, ბექა საღინაძე კი „ლიონის“ სასარტო შემადგენლობაში იყო და პრეტორიაში, სამხრეთაფრიკული „ბულზის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მისმა გუნდმა სასტიკი მარცხი განიცადა – 19:59.

„ქართული“  კლუბებიდან მეოთხედფინალში კიდევ „ლა როშელი“ და „ექსეტერი“ გავიდნენ, თუმცა მიზანს ჩვენებურთა დაუხმარებლად მიაღწიეს.

მეოთხედფინალში „ბორდო“ ინგლისურ „ჰარლიქუინზს“ უმასპინძლებს, ჩემპიონთა თასის მოქმედი მფლობელი „ლა როშელი“ გასული სეზონის ფინალის გასამეორებლად დუბლინში „ლენსტერს“ შეერკინება, „ექსეტერი“ თავის მეოთხედფინალურ მატჩს  ტულუზაში საფრანგეთის ჩემპიონთან გამართავს, ბოლო წყვილი კი ინგლისულმა „ნორთჰემპტონმა“ და „ლიონის“ მძლეველმა „ბულზმა“ შეადგინეს.

ჩელენჯ თასი

მეორე ევროთასზე ქართული წარმომადგენლობა შედარებით სოლიდური იყო. მათგან წარმატებას მხოლოდ გიორგი ძმანაშვილმა და მისმა „კლერმონმა“ მიაღწიეს. „ვულკანებმა“ აფრიკულ „ჩიტასს“ რთულ ბრძოლაში 27:22 მოუგეს და ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა თავისი ევროპული დებიუტი თამაშში 25-წუთიანი ჩართვით აღნიშნა.

„კასტრმა“ ინგლისში გასვლაზე „გლოსეტრთან“ მაგარი ჯახი 25:30 დათმო, ხოლო ლევან ჩილაჩავამ ფრანგულ გუნდში ბოლო 25 წუთი ითამაშა.

ჩილაჩავაზე ოდნავ მეტი, 29 წუთი მინდორზე კოტე მიქაუტაძემ დაჰყო, ვისმა „ბაიონმაც“ შოტლანდიაში „ედინბურგთან“ ვერაფერი გააწყო – 15:33. „მონპელიემ“ კი შინ ირლანდიურ „ალსტერთან“ წააგო დიდი სხვაობით – 17:40. ვანო კარკაძე მასპინძელთა რიგებში 47-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა ტრავმის გამო 76-ეზე შეიცვალა, ხოლო ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან მატჩში 48-ე წუთზე შევიდა.

ჩვენი ბოლო იმედი ფრანგული „პო“ იყო, მაგრამ მასაც ირლანდიურმა გუნდმა აჯობა. ბასკეთში გამართული მატჩი „პომ“ „კონახტთან“ 30:40 წააგო, ხოლო მასპინძელთა რიგებში ბოლო 25 წუთი გურამ პაპიძემ გაატარა.

„კლერმონი“ მეოთხედფინალში ხსენებულ „ალსტერს“ უმასპინძლებს, „გლოსტერი“ – უელსურ „ოსპრეიზს“, სამხეთაფრიკული „შარქსი“ – „ედინბურგს“, ხოლო იტალიური „ბენეტონი“ – „კონახტს“.

პრო დ2

25-ე ტურში 12-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ერთ-ერთი მათგანი ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. საუბარია იოანე იაშაღაშვილზე, რომელმაც თავისი „ვალანს რომანის“ შემადგენლობაში“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „მონ-დე-მარსანის“ წინააღმდეგ 80 წუთი ითამაშა და ბონუსიან გამარჯვებაში (38:17) ლომის წილიც შეიტანა. იომ 52-ე და 70-ე წუთებზე თავისი სეზონური მე-5 და მე-6 ლელოები გაიტანა, ორივე მეტად ეფექტურ სტილში და ტურის ლაურეატობაც ალალად დაიმსახურა.