Giovanni Simeone of Napoli receives a red card during the Italian Super Cup Final football match between Napoli and Inter at Al-Awwal Stadium in...„ინტერმა” იტალიის სუპერთასი მოიგო, ლაუტარო მარტინესის მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლით „ნაპოლის” 1:0 მოუგო. ნეაპოლელებისთვის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დიდების დარბაზს ჯილდოს შეჰმატებდნენ, საკუთარი თავის რწმენასაც დაიბრუნებდნენ, მაგრამ არ გაუმართლათ.

მატჩის წინ ფავორიტად „ინტერს” ასახელებდნენ. „ნერაძურიმ” ნახევარფინალში „ლაციოსთან” დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ ფინალში იტალიის ჩემპიონთან შედარებით ასეთივე დიდი უპირატესობა ვერ მოიპოვა. შეიძლება ითქვას, მილანელთა ერთგოლიანი გამარჯვება დეტალებმა განაპირობა, რომელთა ნაწილმა „პარტინოპეელთა” მწვრთნელი ვალტერ მაცარი იმდენად გააბრაზა, რომ შეხვედრის დამთავრებას არც დაელოდა, ისე შევარდა გასახდელში და არც დაჯილდოების ცერემონიალზე გამოჩენილა. მაცარი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც არ მისულა. მის ნაცვლად ჟურნალისტების წინაშე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი წარდგა.

ნეაპოლელთა მწვრთნელის ყველაზე დიდი განრისხება რასაკვირველია ჯოვანი სიმეონეს ორმა ყვითელმა ბარათმა გამოიწვია. პირველი ყვითელი ბარათი სიმეონეს 55-ე წუთზე აჩვენეს. ამ ეპიზოდში მსაჯ ანტონიო რაპუანოს არგენტინელი თავდამსხმელი ალბათ შეიძლებოდა დაენდო. ხუთი წუთის შემდეგ კი არბიტრმა ჩოლიტოს მეორე ყვითელი ბარათი ამოუღო, რაც მის გაძევებას ნიშნავდა. ამის შემდეგ თამაშის სცენარი შეიცვალა. სიმეონეს მოედნიდან გაგდების ეპიზოდში მაცარიმ სათადარიგოთა სკამიდან იყვირა: „თამაშის ასე გაძღოლა სირცხვილია!”