Giorgi Mamardashvili of Valencia in action during the spanish league, La Liga EA Sports, football match played between Valencia CF and Athletic Club...მამარდაშვილი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი გვარია. ის ძელებს შორის საკუთარ თავში დარწმუნებული დგას, სულ უფრო მეტად ავლენს ლიდერის ფუნქციებს და გამორჩეული რეაქციების მეშვეობით დიდ ოსტატობას ამჟღავნებს. ბოლოს გიორგიმ „ბილბაოსთან” შეხვედრაში იხსნა კარი უნაი გომესის დარტყმისგან. მან მარცხენა ხელით ისე ითამაშა, რომ „მესტალიაზე” შეკრებილი ხალხი ფეხზე წამოხტა, ხოლო როდესაც ასხლეტილ ბურთსაც თავად დაეუფლა ყველამ დაინახა, თუ რამდენად დახვეწა ოსტატობა. გიორგი უკვე კარიდან გამოსვლებშიც სხვა მეკარეა. მართალია, ჯერ კიდევ უშვებს შეცდომებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ასპექტის გაუმჯობესება შეუძლია და თვალშისაცემია ისიც, თუ როგორ გამოასწორა მან ფეხით თამაში. ამ კომპონენტს ის რუბენ ბარახას ხელში მაქსიმალურად იყენებს.

„ვალენსიას” მეკარე მიხვდა, რომ რომ ლიდერი უნდა გახდეს და მოედანზე მისი ქცევა შეიცვალა. იგი იმდენად გაძლიერდა, რომ იანვრის ბოლოს უკვე შვიდი „მშრალი შეხვედრა”  დაუგროვდა. ახლა გიორგი სულ 6 „მშრალი შეხვედრით” ჩამორჩება მარსელინოს დროინდელ 2018-19 წლების „ვალენსიას”, როდესაც 38 შეხვედრიდან ოცდათოთხმეტში კარს ნეტო იცავდა, ხოლო ოთხში ჯაუმე დომენეკი. როგორც მოგახსენეთ, იმ სეზონში „ღამურებმა” სულ 13 „მშრალი შეხვედრა” ჩაატარეს.

თორმეტი „მშრალი შეხვედრით” დაასრულა სეზონი „ვალენსიამ” 2021-22 წლების სეზონში. მაშინ 8 მატჩში მეტოქეს გოლი მამარდაშვილმა არ გაატანინა, სამში ჯასპერ სილესენმა და ერთში ჯაუმემ. მოკლედ რომ ვთქვათ, მამარდაშვილი ერთი „მშრალი შეხვედრის” შემდეგ თავის ვალენსიურ რეკორდს გაიმეორებს. და კარგი ის არის, რომ ქართველი მეკარე ამ შედეგებს აჩვენებს სეზონში, რომლის დასაწყისშიც მისი სახელი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ისმოდა და მან იცოდა, რომ შეიძლებოდა „მერიტონ ჰოლდინგის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო გამხდარიყო.

დღეისათვის „ვალენსიას” მეკარე მათ შორისაა, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ის ძელებს შორის მტკიცედ დგას და ბარახას გუნდის გამარჯვებებში დიდი წვლილი შეაქვს. კლუბში ქართველს ბევრი კონკურენტი არ ჰყავს, მაგრამ ლა ლიგაში არიან სხვა მეკარეები, რომლებიც ასევე შესანიშნავი შედეგით გამოირჩევიან. ასე მაგალითად „ლას პალმასის” მეკარეს ალვარო ვალესს 6 „მშრალი შეხვედრა” აქვს ჩატარებული და მისი პლუსი ის არის, რომ ამ შედეგს ახალაღზევებული გუნდის კარში მიაღწია. ლა ლიგის საუკეთესო მეკარის ძიებაში აუცილებლად უნდა ვესტუმროთ ბასკეთსაც. „რეალ სოსიედადის” კარის მცველს ალექს რემიროს და „ბილბაოს” გოლკიპერ უნაი სიმონს 21 შეხვედრიდან ცხრაში არ გაუშვიათ გოლი. „რაიო ვალეკანოს” ჩრდილოეთ მაკედონიელმა მეკარემ სტოლე დიმიტრიევსკიმ 20 შეხვედრიდან რვაში დატოვა მოედანი გაშვებული გოლის გარეშე, „ხეტაფეს” კარის მცველი დავიდ სორია კი მამარდაშვილის მსგავსად 7 უგოლო შეხვედრის მონაწილეა.

ყველაზე კარგი შედეგები აქვთ „რეალის” მეკარეებს კეპას, ანდრიი ლუნინსა და „კადისის” მეკარეს დავიდ ხილს — მათ ჩატარებული შეხვედრების ნახევარში არ გაუშვიათ გოლი, მაგრამ ეს სტატისტიკა ობიექტური არ არის, რადგან მაგალითად დავიდ ხილს მიმდინარე სეზონში სულ ოთხ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

superdeporte, პაბლო ლეივა