Head coach Walter Mazzarri of SSC Napoli talks to Juan Jesus of SSC Napoli, Hamed Junior Traore of SSC Napoli, Giovanni Simeone of SSC Napoli, Cyril...დღეს რიადში იტალიის სუპერთასის ფინალია: „ნაპოლი” – „ინტერი”. შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე „აძურის” კაპიტანი და მცველი ჯოვანი დი ლორენცო წარსდგა.

თამაშის შესახებ: „ამბობენ, რაკი თამაში საუდის არაბეთშია, მხარდაჭერა დაგვაკლდებაო, მაგრამ ვიცით, რომ ტიფოზები ჩამოდიან და გვიქომაგებენ.ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ეს მნიშვნელოვანი ჯილდო რომ მოვიპოვოთ. მისი მოგება სჭირდება კლუბს, გუნდს და სჭირდებათ გულშემატკივრებს. სუპერთასის მოპოვება ენთუზიაზმსა და საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს. თუ მოვიგებთ, სეზონის მეორე ნახევარს სხვა განწყობით შევხვდებით. ამიტომ, ფინალში მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებულები გავალთ”.

სამმცველიანი დაცვის შესახებ: „ვფიქრობ, სქემა ერთია და მისი ინტერპრეტაცია — მეორე. თეორიულად ისე ჩანს, თითქოს ეს განლაგება უფრო დაცვითია, მაგრამ რეალურად თავდასხმაში მეტი ფეხბურთელით მონაწილეობის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ დიდებულ გუნდს უნდა შევხვდეთ, რომელსაც შეტევაში ჩინებული წყვილი ჰყავს. მათ წინააღმდეგ დაცვაში საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ, მაგრამ თავის დაცვა მთელი გუნდის ამოცანაა. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ მეტოქის ძლიერი მხარეები გავაბათილოთ, ჩვენი კი წარმოვაჩინოთ. მწამს ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ და ამას შევძლებთ.”

„ინტერის” შესახებ: ამბობენ, რომ „ინტერი” ფავორიტია, მაგრამ ფინალში ფავორიტის და აუტსაიდერის დასახელება სწორი არ არის. ერთმანეთს შეხვდება ორი გუნდი, რომელთაც დიდებული გასული სეზონი ჰქონდათ და იმას, რაც ახლა ჩემპიონატში ხდება, მნიშვნელობა არ აქვს. „ინტერი” ჩინებულ ფორმაშია, მას ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ითამაშა მან „ლაციოსთან”, მაგრამ გარწმუნებთ, თამაშს თავადაც მზად შევხვდებით. გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ”.

ოსიმენისა და ანგისას შესახებ: „ჩვენ ჯგუფური ჩატი გვაქვს და ერთმანეთს იქ ველაპარაკებით, წარმატებებს ვუსურვებთ ხოლმე. მათგან მესიჯი მივიღეთ. ისინი გვქომაგობენ. ჩვენ კი შევეცდებით მათი წილი საქმეც კარგად შევასრულოთ”.

ახალი ფეხბურთელების შესახებ: „ყველანი ვცდილობთ ორი ახალი ბიჭი (სირილ ნგონგე და ჰამედ ტრაორე) და პასკუალე მაცოკი, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა, რაც შეიძლება სწრაფად შეერწყან გუნდს. ჩვენ მათ რაც შეიძლება ბევრს ველაპარაკებით”.