
„ყველაფერი რაც აქამდე მოხდა ჩემი ბრალია. ფეხბურთელები და მწვრთნელები არაფერ შუაში არიან, პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. ცხრილში გუნდის დღევანდელი მდგომარეობის გამო ნეაპოლელებს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ხოლო ჩვენ აუცილებლად გავალთ სატრანსფერო ბაზარში”, — თქვა „მონცასთან” შინ 0:0-ს შემდეგ „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა. დამაფიქრებელი სიტყვებია, რომლებიც calciomercato-ს ჟურნალისტის სიმონე ჯერვასიოს აზრით შეიძლება ვეზუვის ძირში გარდაქმნებს თუ მინი-რევოლუციას მოასწავებდეს. იანვრის ტრანსფერებს რემონტის ბაზრობას უწოდებენ, ოღონდ დე ლაურენტისს ის არასდროს ჰყვარებია.
„ილ მატინო” წერს, რომ კრიზისის გამოსასწორებლად პრეზიდენტმა 60 მილიონი ევრო გამოყო. ამდენი ფული „ნაპოლის” ზამთრის სატრანსფერო ბაზარში 2020 წლის შემდეგ არ გაუმეტებია. ეს ის პერიოდია, როდესაც „პარტენოპეელებმა” კარლო ანჩელოტის მაგივრად მწვრთნელად ჯენარო გატუზო მიიყვანეს, ოღონდ მერე, 2021-ის მაისში ისიც შეცვალეს და გუნდს ლუჩანო სპალეტი ჩაუყენეს სათავეში. მაშინ დე ლაურენტისმა 60 მილიონზე მეტი, დაახლოებით 90 მილიონი ევრო დახარჯა. ეს თანხა 5 ახალი ფეხბურთელის ყიდვას მოხმარდა. ამ ხუთი კაციდან ორი, ანდრეა პეტანია (დღეს „კალიარის” თავდამსხმელია) და ამირ რაჰმანი იმ ზამთარს ნეაპოლელებმა უბრალოდ დაიბევეს. ისინი გუნდს ზაფხულში შეუერთდნენ. დანარჩენებმა, დიეგო დემემ, სტანისლავ ლობოტკამ და მატეო პოლიტანომ კი იანვარშივე მოირგეს ლურჯი მაისურები.
დღეს ასეთი მდგომარეობაა: ვალტერ მაცარიმ დე ლაურენტისს მკაფიოდ უთხრა, რომ სჭირდება ჯოვანი დი ლორენცოს დუბლიორი, კიდევ ერთი ყოჩაღი მცველი შუაში და ერთიც ნახევარმცველი. თუკი კლუბი ორ ნახევარმცველს იყიდის, მთლად უკეთესი იქნება. მაგრამ, იმისათვის, რომ ახალი ფეხბურთელები შეიძინოს, „ნაპოლიმ” ჯერ ძველები უნდა გაყიდოს და ფული იშოვოს. ეს ოპერაცია უკვე დაწყებულია: დე ლაურენტისმა „ლაიფციგში” გაყიდა ელიფ ელმასი, რომელშიც 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. გასაყიდად მზად არიან ალესანდრო ძანოლი და ალესიო ძერბინი — პირველი „ჯენოას” ფეხბურთელი გახდება, ხოლო მეორე „ფროზინონესი”.
კლუბიდან წასვლის სურვილი გამოთქვა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემაც, რომელსაც მარქაფაში ჯდომა მობეზრდა. გადასაწყვეტია პიოტრ ჟელინსკის საკითხიც. მის კონტრაქტს „ნაპოლისთან” ვადა ზაფხულში ეწურება. მხარეები ახალ შეთანხმებას ვერ აღწევენ. გამოდის, რომ დე ლაურენტისმა პოლონელი ან ამ ზამთარსვე უნდა გაუშვას („ინტერში”), ან ზაფხულში ის ქუდს დაიხურავს და ისე წავა, რომ ცენტსაც არ დატოვებს.
ახლა მათ შესახებ, ვისი ყიდვაც იგეგმება. დი ლორენცოს სათადარიგო რომ შეიძინოს, „ნაპოლიმ” ჯერ უნდა გაარკვიოს „სალერნიტანაში” მოთამაშე პასკუალე მაძოკი უფრო მოსწონს თუ „ვერონაში” მოთამაშე დავიდე ფარაონი.
დაცვის ცენტრი: გასული სეზონის შემდეგ „ბაიერნში” გაყიდული კიმი „ნაპოლიმ” უხეიროდ შეცვალა. თან, ახალმოყვანილი ბრაზილიელი ნატანი დაშავდა და თვენახევარი ვერ ითამაშებს. „პარტენოპეელებს” ყველაზე მეტად „ატალანტას” მცველის ჯორჯო სკალვინის შეძენა უნდათ, მაგრამ ბერგამოელები 40 მილიონს ცენტს არ აკლებენ. მეორე ვარიანტია რუმინელი რადუ დრაგუშინი. მას „ჯენოა” 30 მილიონს აფასებს, თუმცა 21 წლის მცველი „ტოტენჰემსაც” უნდა. ვაჭრობაა მოსაგები. ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.
ნახევარდაცვა: „ნაპოლის” რადარზე არიან დანიელი პიერ-ემილ ჰოიბერგი, უკვე ნახსენები „ტოტენჰემიდან”; ფრანგი ბუბაკარი სუმარე „სევილიიდან”; გერმანელი ემრე ჩანი „დორტმუნდიდან” და ჰოლანდიელი ტუნ კოპმაინერსი „ატალანტადან”. ყველაზე რეალური პირველი ვარიანტი ჩანს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ „ტოტენჰემი” იჯარაზე დათანხმდება.
თუმცა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე მნიშვნელოვანი „უდინეზეში” მოთამაშე 21 წლის სერბი ლაზარ სამარჯიჩია. ამბობენ, რომ მისი ყიდვა „იუვენტუსსაც” უნდა, მაგრამ გარიგებასთან „ნაპოლი” უფრო ახლოს არის. დღეს-ხვალ დე ლაურენტისი უდინეში ოფიციალურ წერის აფრენს და სერბის სანაცვლოდ „უდინეზეს” 25 მილიონ ევროს შესთავაზებს.





