Kvaratskhelia's goal against Atalanta wins Goal of the Season award in  Serie Aხვალ იტალიის ჩემპიონატი იწყება. სერია A-ს პირველი ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. „ნაპოლი” სეზონის პირველ შეხვედრაში ტრადიციულად წარმატებას აღწევს. მან ბოლო ექვსი სეზონი მოგებით დაიწყო.

საინტერესოა, რომ „აძურისა” და „ჯალაძურის” ახალი თავკაცები რუდი გარსია და ეუსებიო დი ფრანჩესკო კარიერაში ადრეც დაპირისპირებიან ერთმანეთს. სტატისტიკა ფრანგის სასარგებლოდაა: ორი მოგება და სამი ფრე. სხვა სიტყვებით გარსიას დი ფრანჩესკოსთან არასდროს წაუგია.

ქართველი გულშემატკივრის ინტერესის საგანს კი კვერნაძე და კვარაცხელია წარმოადგენენ. კვერნაძე ხვალინდელ შეხვედრაში სავარაუდოდ მეორე ტაიმში ჩაერთვება და ეს იქნება მისი დებიუტი იტალიურ ფეხბურთში, ხოლო კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგრამ 19 მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია — ოცდამეშვიდე ტურში „ტორინოს” პენალტი შეუგდო და მას მერე აღარ გამართლებია. არადა, ფაქტია: „ნაპოლიმ” მოიგო სერია A-ს ცამეტივე შეხვედრა, რომელშიც კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

დაპირისპირება დაპირისპირებად, მაგრამ „ნაპოლი” და „ფროზინონე” სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავად თანამშრომლობენ. ბოლო ცნობა ის გახლავთ, რომ „ნაპოლი” „ბარისგან” ყიდულობს მაროკოელ ვალიდ ჩედირას და იჯარით უთმობს თავის ხვალინდელ მეტოქეს.

ჩედირა 25 წლის არის. ის იტალიაში დაიბადა და სულ იტალიურ კლუბებში თამაშობს, მაგრამ მისი ეროვნული გუნდი მაროკოს ნაკრებია, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი შეხვედრა აქვს ჩატარებული.