No description available.შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში 31:17 აჯობა, ანუ გამოდის, რომ ეს გუნდი „სტეჟარებზე“ მაღალი დონისაა და ძალიანაც კარგია, რომ ქართველების მეტოქეთა ძალა მატჩიდან მატჩამდე მატულობს. შეხსენებისთვის: რუმინეთისა და აშშ-ის მერე, 26-ში, გენერალური რეპეტიცია N3 ედინბურგის „მარიფილდზე“ ელით – პლანეტური მასშტაბით ერთ-ერთ საკულტო სარაგბო არენაზე! შოტლანდია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ამ შაბათს კი ამერიკას მასპინძლობს ჩვენი მეტად სიმპათიური და უკვე მაგრად მომზადებული ეროვნული გუნდი. შემადგენლობაში როტაცია მოხდა და 19-ში მინდორზე გავლენ ისინიც, რომლებსაც რუმინეთთან არ უთამაშიათ.

No description available.ბექა გიგაშვილი, კოტე მიქაუტაძე, თორნიკე ჯალაღონია, სანდრო თოდუა, დავით ნინიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე და გურამ გოგიჩაშვილი – აი, ამ ხალხის გარეშე მოახერხეს ქართველებმა რუმინეთთან საოცარი გამარჯვების მოპოვება. ხომ აშკარად გამოჩნდა, რომ როგორც იქნა, შემადგენლობაში ყველა პოზიციაზე გაჩნდა სიღრმეები, თუ არ ჩავთვლით მგეზავის ამპლუას, სადაც ლუკა მატკავას ზედიზედ მეორე მატჩის გამართვა მოუწევს შეცვლის გარეშე, რადგან თედო აბჟანდაძე მცირე ტრავმას ჯერაც იშუშებს. ასევე არ ჩანს ბექა გორგაძეც, რომელსაც ასევე მიკრო-ტრავმა აქვს. იმედია, საედინბურგოდ ორივე გამოკეთდება. სამაგიეროდ, მწყობრში ჩადგა დავით ნინიაშვილი – გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. იმედია, დათუნას დაბრუნება გუნდს დამატებით შესაძლებლობებს გაუჩენს.

რაც შეეხება მეტოქესთან ურთიერთობებს, ბოლოს ამ გუნდს თბილისში 2017 წლის ნოემბერში ვეთამაშეთ და დიდი ბრძოლაც გადავიტანეთ. 21:20 – ასეთი ანგარიშით იმარჯვეს ქართველებმა, დღეს კი აშშ-ის ნაკრები მსოფლიო თასს მიღმაა დარჩენილი და ახალი გუნდის შენებას შედგომია. ასეა თუ ისე, მეტოქე ღირსეულია და მაისაშვილის რაზმს კარგი სპარინგი ელის.

საქარველოს ნაკრების შემადგენლობა აშშ-თან შეხვედრაში

  1. ნიკა აბულაძე (ექსეტერი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (უკლუბო), 14. აკაკი ტაბიცაძე (შავი ლომი), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი), 21. გელა აფრასიძე (ბაიონი), 22. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 23. მირიან მოდებაძე (შავი ლომი).