„ნაპოლის” მცველმა ლეო ოსტიგორმა იტალიურ Radio Kiss Kiss-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. საუბარი „მილანთან” 0:4 დამარცხებით დაიწყო.

„ჩვენ გვინდა, რომ არასდროს დავმარცხდეთ, მაგრამ რაც მოხდა მოხდა და ახლა უკვე მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების გზებს დავუბრუნდეთ და „ლეჩეს” მოვუგოთ. ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან” მოახლოებული დაპირისპირებისთვის საუკეთესო მომზადებაც ეს იქნება. მილანელებთან საბრძოლველად მზად ვართ, მაგრამ, მოდი ჯერ „ლეჩეზე” ვიფიქროთ”.
„ჯენოაში” რომ თამაშობდით „მილანის” კარში გოლი გაიტანეთ.
იტალიის თასის ის თამაში სასიამოვნოდ მაგონდება, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა. ჩვენ უკმაყოფილონი დავრჩით „მილანთან” რომ წავაგეთ და მზად ვართ მათი ახალი გამოწვევა მივიღოთ.
როგორი ურთიერთობა გაქვთ კიმთან, რაჰმანისთან და ჟუან ჟესუსთან?
დიდი მეგობრები ვართ. მიმდინარე სეზონში კიმმა და რაჰმანიმ ბევრი ითამაშეს, თან დიდებულად. ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი დონის შენარჩუნება ძალიან ძნელია. ჩვენ მათ, თუმცა არა მარტო მათ, ყველას, ქების სიტყვები უნდა ვუთხრათ. თავს ბედნიერად ვგრძნობ, ასეთი გუნდის წევრი რომ ვარ.
სპალეტისგან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ. მწვრთნელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მან იცის, რომ მეტი თამაში მსურს. მზად ვარ ამ დიდი კლუბისთვის ვიბრძოლო.
სკუდეტოს მოლოდინში ქალაქი ლურჯად არის გამოწყობილი.
გვინდა ამ ქალაქს სკუდეტო მივუძღვნათ, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ამისათვის დარჩენილ თამაშებში თავის დადება მოგვიწევს. აქაურთათვის სკუდეტოს მოგება დიდი ხნის ოცნებაა. ერთი სული გვაქვს, როდის მოვუტანთ ამ სიხარულს ჩვენს ფანებს.
როგორ ფიქრობთ, „ნაპოლისთვის” მეტის მიცემა შეგიძლიათ?
ყველა ფეხბურთელს სურს რაც შეიძლება მეტი დაჰყოს მოედანზე. დიდი ხნის უთამაშებლობა ძნელია, მაგრამ მე ყოველთვის მზად ვარ. როტაცია რთული საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩვენი რეალობაა და კიდევ უფრო მეტად ვინდომებ.
კვარას და ოსიმენის მეურვეობა ძნელია?
დღეს ეს წყვილი მსოფლიოში ალბათ საუკეთესოა. ვარჯიშებზე მათ წინააღმდეგ თამაში სრულ კონცენტრაციას ითხოვს. მერე რა, რომ ვარჯიშია. იმას, რასაც მოედანზე აკეთებენ ისინი ჩვენთან ყოველ დღე იმეორებენ. მაგრამ, „ნაპოლიში” სხვა ძალიან ძლიერი ფეხბურთელებიც არიან, მაგალითად დი ლორენცო და ლობოტკა, რომლებიც წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებენ.
ნეაპოლური სამზარეულოს შესახებ რას იტყვით?
ნეაპოლური და ზოგადად იტალიური სამზარეულო გულწრფელად მომწონს. მიყვარს პასტა და პიცა. ნორვეგიაში პასტას ასე კარგად ვერ ამზადებენ.





