1996 წელს, ინგლისმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.
ლონდონიდან მანჩესტერში ავტობუსით ჩავედით და იქვე ავტოსადგურში საქალაქო ტრანსპორტში გადავჯექით „ოლდ ტრაფორდზე“ მისასვლელად. სალონში მხოლოდ მძღოლი იყო. ჩემი ცვლა დამთავრდა, ბაზაზე ვბრუნდებიო, მაგრამ სააკრედიტაციო ბარათები რომ შეგვნიშნა, „ოლდ ტრაფორდი“ გზად არის და რადგან ჩამოსულები ხართ გაგიყოლებთო. მადლობა გადავუხადეთ და დავიძარით კიდეც.
სამნი ვიყავით, მძღოლი, მე და დათო კაკაბაძე. საიდან ხართო, დაღლილი კაცის ტონით, ყოველგვარი ემოციის გარეშე გვკითხა ისე, თითქოს პასუხი არც აინტერესებდა. საქართველოდან, ასევე დიდი ენთუზიაზმის გარეშე უპასუხა დათომ და გულში ვიფიქრე, მიდი და ეხლა აუხსენი ამ კაცს, რომ ამერიკელები (აშშ-ს შტატი ჯორჯია) არ ვართ და…
გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, მძღოლმა ლამის საჭე დაივიწყა და სახეგაბადრულმა „მანჩესტერ სიტის“ ფანი ვარ, ქინქლაძე ჩემი კერპიაო, მოგვახარა! ბუნებრივია, ჩვენც გამოვცოცხლდით. მთელი დარჩენილი გზა გიოზე გველაპარაკა, და ბოლოს ისე გამოგვემშვიდობა, როგორც ძველ მეგობრებს.
სტადიონზე რომ შევედით, გიორგის პოპულარობის დამატებითი დასტური მივიღეთ. ევროპის ჩემპიონატზე, უცხო ქვეყნების ნაკრებთა მატჩზე, „მტრის ბუნაგში“, „სიტის“ ბევრი გულშემატკივარი ვნახეთ საქართველოს დროშითა და ქინქლაძის გვარით დამშვენებულ მაისურებში!
სასიამოვნო, ამაღელვებელიც კი იყო ეს ყველაფერი! მანჩესტერს ისე როგორ დავტოვებდით, რომ კლუბში არ მივსულიყავით?!
მართალია, ფეხბურთელები და თანამშრომელთა უმრავლესობა შვებულებაში იყვნენ, მაგრამ „სიტის“ თავმჯდომარე ფრენსის ლი დაგვთანხმდა შეხვედრაზე და გულითადადაც გვიმასპინძლა საკლუბო ოფისში “მეინ როუდზე”, სადაც კარგი საათნახევარი გავატარეთ.
მისტერ ლიმ დაპირებული ინტერვიუსთვისაც არ დაიშურა დრო და „სიტის“ მთავარი ოფისის დათვალიერებაც შემოგვთავაზა. თანაც მეგზურობაც თავად იტვირთა და შიდა სივრციან-ტრიბუნიან-მინდვრიანად ყველაფერი პირადად გვანახა!
მისტერ ლისთან გულთბილი გამომშვიდობების შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, საკლუბო მაღაზიას მივაშურეთ. „მანჩესტერ სიტის“ 7 ნომრიანი და ქინქლაძის გვარიანი მაისურები შევიძინეთ შვილებისთვის!.. კონსულტანტმა გოგონამ კი გაიგო რა საქართველოდან ვიყავით, გაბადრული სახით გამოგვიცხადა, გიოს გვარით დამშვენებული მაისურების გაყიდვას ვერ ავუდივართო…





