No description available.საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ზაფხულის სატესტო სეზონს კვირას, 3 ივლისს დაიწყებს. 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ სტარტს აიღებს ბორჯღალოსნებსა და არგენტინა XV-ს შორის მატჩი, რომელიც განიხილება, როგორც გენერალური რეპეტიცია ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის, რომელიც ერთი კვირის თავზე უკვე ბათუმში შედგება – საქართველო იტალიას უმასპინძლებს!

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ქართველთა სანაკრებო სტატისტიკის ოფიციალურ ნაწილში არ აისახება, შეხვედრა მაინც მეტად საინტერესო უნდა იყოს. არგენტინური რაგბის ძალაზე საუბარიც ზედმეტია და ქუთაისში ჩამოსულ გუნდში ის ბიჭები არიან, რომლებიც ქვეყნის მთავარი ნაკრების უახლოეს რეზერვად მოიაზრებიან, მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ივლისის ტესტებისთვის „პუმების“ გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ. მოკლედ, მაგარი მეტოქე გვეყოლება, ამაზე დავაც არ ღირს.

ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ბორჯღალოსნებს არგენტინის „ა“ ნაკრებთან, ან როგორც მას დღეს უწოდებენ, XV-თან დადებითი ისტოირული ბალანსი აქვს. 2009 წლიდან მოყოლებული ეს გუნდები სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველად, თბილისში ჩვენმა გუნდმა 24:22 მოიგო, შემდეგ, ბუქარესტში კვლავ ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს – 14:13, მესამედ კი შეხვედრა კვლავ თბილისში, რამდენიმე წლის წინათ შედგა და აი აქ კი სამხრეთამერიკელებმა ქართველებს 26:16 სძლიეს, თუმც კი „მიხეილ მესხზე“ გამართული ის თამაში თავისი ხასიათით თანაბარი გამოდგა და ბორჯღალოსნებიც ექსპერიმენტული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი.

No description available.ამ ჯერზე ჩვენი ნაკრები ოპტიმალურთან მიახლოებული გუნდით ითამაშებს. ყველაზე საგრძნობი დანაკლისი ტრავმირებული მიხეილ ნარიაშვილის, გიორგი ცუცქირიძისა და თორნიკე ჯალაღონიას არყოფნა უნდა იყოს, თუმცა პირველს სასტარტოში გურამ გოგიჩაშვილი ცვლის, მეორეს და მესამეს – ოთია გიორგაძე და ცხადია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ საკითხავია, ვინ სჯობს ამათგან. გაფართოებულ რაზმში კი არიან, მაგრამ არგენტინელების წინაამდეგ მომქანცველი სეზონით გადაღლილებიც ვერ ითამაშებენ – „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი უმნიშვნელო ტრავმას იშუშებს, ხოლო საფრანგეთის ახალგამომცხვარი ჩემპიონი გელა აფრასიძე ისვენებს.

ასე რომ, შემადგენლობა საბრძოლოა, სათამაშო პრაქტიკა უკლებლივ ყველას უხვად აქვს – კლუბებში და ფრენჩაიზში ყველამ მშვენიერი სეზონი ახლახან ჩაამთავრა. მწვრთნელებიც ოპტიმისტურად არიან და ეჭვიც არაა, რომ ქართული რაგბის ვარსკვლავების ერთ-ერთ მთავარწყარო ქუთაისში ნაკრებს წმინდა ქუთაისური მხარდაჭერა ექნება – უაღრესად კომპეტენტური და უკიდურესად გულმხურვალე. წარმატებები ბორჯღალოსნებს!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა არგენტინა XV-თან

1.გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), 6. ოთარ გიორგაძე (მონტობანი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი),10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი).

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).