No description available.კვირას, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს ბორჯღალოსნები ახალ საერთაშორისო სეზონს გახსნიან. „რაგბი ევროპის“ 2014 წლის ჩემიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და ამ მატჩით შეუდგება ჩემპიონის ტიტულის დაცვას, რომელსაც შარშან მეცამეტედ დაეუფლა.

სხვათა შორის, ამ ტურნირის გამარჯვებული ქართველთა გარდა მხოლოდ რუმინელები (5-ჯერ) და პორტუგალიელები (ერთხელ) გამხდარან და 2023 წლის მსოფლო თასის შესარჩევ ტურნირს (რომელიც 2021 და 2022 წლების ჩემპიონატების ჯამში ტარდება) 24 ქულით სწორედ ბორჯღალოსნები ლიდერობენ და 10-10 ქულით ხსენებულ რუმინეთსა და პორტუგალიას უსწრებენ.

უკვე კარგა ხანია, პორტუგალიას საქართველოსთვის ქულები არ აურთმევია – ბოლოს 2009 წელს ფრეს მიაღწიეს, მას შემდეგ კი ბორჯღალოსნები რეგულარულად უგებენ „ლობუშს“, რაც პორტუგალიურიდან ითარგმნება როგორც „მგლები“.

უნდა ითქვას, რომ ჩვენი მომავალი მეტოქის სათამაშო სტილი ამ თიკუნს სრულად ამართლებს – პორტუგალიელები სწრაფები და შეცდომების დაუნდობლად დამსჯელები არიან, განსაკუთრებით საშიში კი მათი კონტრ-იერიშებია, ანუ მათთვის სივრცეების დატოვება ყოველთვის ავის მომასწავებელია.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მის თავკაც ლევან მაისაშვილს უჩვეულო პრობლემასთან გამკლავება მოუხდა. თავდაპირველად გამოცხადებული 32 კანდიდატიდან ნახევარმა ან ტრავმა მიიღო, ან კორონავირუსით დაინფიცირდა. ჰოდა წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა სამწვრთნელო შტაბი, „შავი ლომი“ რომ არ არსებულიყო.

No description available.მოკლედ, რაზმი შეიკრა და თან არცთუ ხელწამოსაკრავი რაზმი, მაგრამ სხვა საკითხია, რა დონეზე შეთამაშდებოდნენ ძველები და ახლები, რამდენად იგრძნობდნენ ისინი პარტნიორის მხარს ამ მოკლე მოსამზადებელ პერიოდში.

სანდრო მამამთავრიშვილი, „შავი ლომის მესამეხაზელი, ღვინისფერ კვართს კარიერაში პირველად მოირგებს, თანაც შეხვედრას კოვიდით დაინფიცირებული გიორგი ცუცქირიძის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. „შავი ლომისვე“ მესამეხაზელი ნიკო აფციაური კი მარქაფაში იქნება, ისევე, როგორც „ორიაკის“ კვაჭი ლუკა ნიორაძე და „ენისეის“ გარემარბი დავით მესხი. სამივე ასევე სადებიუტო მატჩს გამართავს ქვეყნის მთავარ გუნდში, თუმცა ნაკრების გაფართოებულ სიაში ოთხივე ახალბედა სხვადასხვა დროს ადრეც მოხვედრილა.

მოკლედ, შემადგენლობა ამბიციურია, ლეგიონერები ძალიან კარგ ფორმაში არიან, ადგილობრივებსაც არა უშავთ რა და დანარჩენი მატჩისას გამოჩნდება, რომელიც კვირას 15 საათზე ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩისთვის

  1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 25 კეპი, 10 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, 5, 5), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25, 10), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7, 5), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12, 0), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29, 25), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 0, 0), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12, 10), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 35, 24), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28, 188), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16, 35), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 80, 60), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12, 5), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15, 60), 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88, 53).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 0 ,0), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67, 10), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3, 0), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33, 0), 20. ნიკო აფციაური (შავი ლომი, 0, 0), 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61, 55), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1, 0), 23. დავით მესხი (ენისეი-სტმ, 0, 0).