No description available.კოტე მიქაუტაძემ 5-წლიანი პაუზა შეწყვიტა და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ლელო გაიტანა. მართალია, 30 წლის მეორეხაზელს ყველა წინა ლელო რანგით უფრო მაღალ ლიგაში – ტოპ 14-ში ჰქონდა დადებული, ამჟამად კი მან თავი პირველად გამოიჩინა „ბაიონში“, რომელმაც „ორიაკს“ ბონუსით, 37:6 აჯობა და ბონუსის მომტანი, მესამე ლელო სწორედ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა.

შეხვედრის 49-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ბასკებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაათამაშეს და ხაზის ფლანგზე გაჭრა შეტევაში ნაღდი გარემარბივით ჩართულ 2-მეტრიან ბორჯღალოსანს მოუხდა. კოტემ ბურთი მიიღო და ლელოში შევარდა, ამხელა კაცის შეჩერება კი სამ მეტოქესაც გაუჭირდა. კოტე სასტარტოში იყო, 55-ეზე შეიცვალა, მაგრამ 68-ე წუთზე ტრავმირებული მეწყვილის ნაცვლად დაბრუნებამ მოუწია. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სამი ჩვენებური იყო: გიორგი ცუცქირიძემ 50-ე წუთამდე ითამაშა, მიხეილ ალანიამ – 51-ემდე, ხოლო გიორგი გოგოლაძემ მინდორზე 80-ვე წუთი გაატარა. გიორგი ჯავახია თამაშში 43-ე წუთზე ჩაერთო, 67-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

ამ გამარჯვებით „ბაიონმა“ 59 ქულით პრო დე2-ის  სეზონის აწ უკვე ყოფილ ლიდერ „მონ-დე-მარსანს“ ორქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა. ამ უკანასკნელმა ნევერში 6:27, უიმედოდ წააგო და 61 ქულით მეორეზე დარჩა. მონტუაზელთა შემადგენლობაში ბოლო 15 წუთი ლაშა მაჭარაშვილმა ითამაშა.

ახალი ლიდერი კი „ოიონაქსია“, რომელმაც „კარკასონი“ გასვლაზე ბონუსით, 32:13 დაამარცხა და 65 ქულა დააგროვა.

No description available.ბექა შეყლაშვილის „კოლომიემ“ ხვიჩა ცოფურაშვილის „რუანს“ ნამდვილ თრილერში 32:29 აჯობა და ბონუსი გაატანა. მასპინძელთა ვეტერანმა ბურჯმა პირველიდან 53-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მისმა ახალგაზრდა ვიზავიმ – ბოლო 19 წუთი.

„გრეობლმა“ კვლავ წააგო – შინ „ვანთან“ 10:23. მასპინძელთა სასტარტოში ილია კაიკაციშვილი გამოჩნდა, რომელმაც 55-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ზურა ჟვანია შეცვლაზე 52-ეზე შევიდა.

„ბრესანი“ შინ „პროვანსს“ დაუზავდა – 24:24. ვაჟა კაპანაძემ მასპინძელთა სასტარტო ბურჯი ტვინის შერყევის პროტოკოლით 32-ე წუთზე ჩაანაცვლა, ხოლო 55-ეზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. ზაურ თევდორაშვილმა კი მინდორზე ბოლო 12 წუთი დაჰყო. „ბრესანი“ ბოლოსწინა, გასავარდნ ადგილზეა.