„სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად სპორტულ ჟურნალისტთა მიერ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში დარჩა. იმედია, სამუდამოდ არა და მხოლოდ ჯერჯერობით.
ისე, იმედია-მეთქი კი ვამბობ, მაგრამ, ახლა დავფიქრდი, მეტისმეტი ხომ არ მომდის? მე მხოლოდ საკუთარი ფეხბურთმხედველობიდან რაც მგონია მისთვის უკეთესი, იქიდან გამოვდივარ. რეალურად, არც ხვიჩას სურვილი და მიზანი ვიცი მისი სამომავლო კარიერის შესახებ და არც მისი აგენტისა თუ მშობლების.
იქნებ მე მგონია „რუბინიდან“ რომელიმე მოწინავე ევროპული ლიგის კარგ გუნდში მისი გადასვლა ხვიჩასთვის სასარგებლო და მის ბანაკში კი სხვანაირად ფიქრობენ?! გამორიცხული ხომ არ არის?
კაცმა რომ თქვას, მეც კი შემიძლია არაერთი არგუმენტის დასახელება მისი ყაზანში დარჩენის სასარგებლოდ. იქნებ ხვიჩას გუნდში თვლიან, რომ დღესდღეობით სწორედაც ეს კლუბია ოპტიმალური მისი კარიერისთვის! მე კი მოვმდგარვარ და გინდა თუ არა მოწინავე ევროპულ ლიგაში მინდა ვიხილო-მეთქი გავიძახი!
ჩემნაირი, ათასობით გულშემატკივარი ჰყავს კვარაცხელიას და თითოეულს საკუთარი აზრი აქვს, უეჭველად. ყველას აზრისა და სურვილის გათვალისწინება შეუძლებელია. მის გუნდს კი საკუთარი შეხედულება და გეგმები ამოძრავებს. ლოგიკურიც არის! წარმომიდგენია, ან ვერც კი წარმომიდგენია, რამდენი ჩემთვის უცნობი ნიუანსი არსებობს, რასაც მე, ბუნებრივია, ვერ ვითვალისწინებ.
იმედია, საკუთარი სურვილის ხმამაღლა გამოხატვა, გულშემატკივრის „პრივილეგიებიდან“ გამომდინარე, უტაქტობად, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფად მაინც არ ჩამეთვლება და მხოლოდ „ბალელშიკურ ოცნებას“ მიეწერება! მით უმეტეს, რომ სინამდვილეში ხომ ასეც არის!!!





