ფეხბურთი! ახლო წარსულში, ასობით ათასი ქართველის სიყვარულის ობიექტი და აქედან გამომდინარე, თითოეულის ცხოვრების ნაწილი იყო! განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა! როცა საქმე ფეხბურთს ეხებოდა, ყველა, დიდიცა და პატარაც, მეცნიერიცა და ხუროც ერთი ჭკუისანი ვიყავით! ერთიანნი ვიყავით! მამაკაცები კი არა, ქალებიც არ ჩამორჩებოდნენ და ნებისმიერი „ნეიტრალური“ დიასახლისიც კი გულწრფელად ინტერესდებოდა „რა ქნა დინამომ“. სულ მცირე, იმიტომ მაინც, რომ იმ „დინამომ რა ქნაზე“ დიდად იყო დამოკიდებული მისი ოჯახის მიკროკლიმატი უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში! ასე იყო! თუ სიმართლე არ არის, შემისწორეთ! 70-იანების მეორე ნახევარში, რომელიღაცა კვლევის შედეგები გამოაცხადეს კომუნისტებმა: „დინამო“ როცა იგებს, შრომის ნაყოფიერება მკვეთრად იზრდებაო! დიახ, ფეხბურთით ვსულდგმულობდით და აბა რა იქნებოდა?! მერე, რაღაც ეტაპზე, უკუღმა დაბზრიალდა ჩვენი ბურთი და იქამდეც კი მივედით, რომ მთლად უფეხბურთოდ დავრჩით!
ასეა ჩვენდა სავალალოდ! თავს ნუ მოვიტყუებთ, იმას, რასაც დღეს ქართულ ფეხბურთს ეძახიან, ფეხბურთთან არანაირი კავშირი არა აქვს გარეგნული ფორმის გარდა!!! ე.ი. დასრულდა, სამუდამოდ დასამარდა ფეხბურთი? არა, რა თქმა უნდა! მისი რეანიმირება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის შესაბამისი, რთული, მძიმე, კომპლექსური, გააზრებული ძალისხმევაა აუცილებელი! პირველ რიგში კი ფეხბურთის დაბრუნების სურვილი, შესაბამისი ძალისხმევის გაწევის მონდომება უნდა გაჩნდეს! ეს მონდომება კი გულშემატკივართა გარდა, დღესდღეობით არავის ეტყობა, სამწუხაროდ! გულშემატკივარი, ვიცით, საფეხბურთო მეურნეობაში პირდაპირ ვერ არის ჩართული და ვერც ჩაერთვება. მონდომების გარეშე კი არათუ ფეხბურთის დაბრუნება, ტრიბუნაზე მაყურებლის დაბრუნებაც კი არ გამოდის, როგორც მწარე გამოცდილება გვიდასტურებს!!! როდის დაიწყება ფეხბურთი? ნამდვილ ფეხბურთს ვგულისხმობ, ბუნებრივია! ფეხბურთი რომ დაიწყოს, რამდენიმე აუცილებელი პირობაა შესასრულებელი! მათ შორის უპირველესი, მონდომების შემდეგ, რიგითობითაც და მნიშვნელობითაც არის ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა! რეალური ხელისშემშლელი ფაქტორების აღიარება და მათი მეთოდური აღმოფხვრა!
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ღმერთმა იცის, ვილი სანიოლის მიმართ აბსოლუტური კეთილგანწყობა მქონდა. კოსოვოსთან ნანახი საშინელების მიუხედავადაც! აი, ამ თამაშამდე! ცნობილი გამოთქმის პერიფრაზს მოვიშველიებ: ნუ ესვრით მწვრთნელს, ისე მუშაობს როგორც შეუძლია. ჰოდა, მეც არ „ვესროდი“. იმიტომ რომ მეგონა მუშაობდა! თუნდაც, „ისე როგორც შეუძლია“, მაგრამ მუშაობდა! ამის გამო მზად ვიყავი არა მარტო წაგებები ამეტანა, არამედ იმ სიმახინჯეშიც კი, რასაც მისი თერთმეტეულები მინდორზე ჩადიოდნენ, ვცდილობდი რაღაც ნათელი, დადებითი მეძებნა და რომ ვერ ვპოულობდი, ავანსად ვთხზავდი, მუშაობს და რაღაც დროის მერე უკეთესობა იქნება-მეთქი, ვფიქრობდი.
გუშინ დავრწმუნდი, დაამთავრა მუშაობა! შესაძლოა არც უნდოდა დამთავრება, მაგრამ ჩანს, რომ ამოწურა საკუთარი რესურსი! იმიტომ კი არა 0:4 რომ წააგო. არა! ნიდერლანდებთანაც წავაგეთ 0:3 მაგრამ სულ სხვა განწყობით ვიყავი!
იმიტომ რომ ძალიან აბსურდული, გააზრებულად მომუშავე მწვრთნელისთვის დაუშვებელი გადაწყვეტილებები მიიღო და ძალიან აბდაუბდა ნაბიჯები გადადგა!
ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშაო, გუშინდელზე! ექსპერიმენტებს თავისი ადგილი და დრო აქვს! წინა თამაშის წაგებით გამწარებულ ესპანეთის ნაკრებთან ასეთ „ექსპერიმენტს“ რომ ჩაატარებ მისსავე მინდორზე, იმას ნიშნავს, რომ ბარე ორი ფეხბურთელის ფსიქიკასაც კაი ბარაქიანი დაღი დაასვი და მათი სამომავლო კარიერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე!
გარდა ამისა, გულშემატკივარიც ანგარიშგაუწეველი დატოვე და ქართული ფეხბურთის ისედაც დამახინჯებული ისტორიაც ფეხებზე დაიკიდე, რადგან წინასწარვე, ნებით, უბრძოლველად გაწირე ახალი შავი ფურცლის ჩასამატებლად!!!
ამ ყველაფრის მერე, პირადად მე მისი ნდობა ან იმედი ვეღარანაირად მექნება! გუნდის შესაქმნელად, გააზრებული, თანმიმდევრული გარჯაა აუცილებელი! ფეხბურთელების მოძებნა, სამომავლო იდეებზე მათი მორგება (ან პირიქით, სამომავლო იდეების მორგება შენს ხელთ უკვე არსებულ ფეხბურთელებზე) და რაც უმთავრესია, რეალურ ბრძოლებში მათი შეთამაშება!!! შეთამაშება!!! შეთამაშების, ურთიერთგაგების გარეშე, გუნდი ვერ შეიქმნება და დარჩება უსისტემო, კომპასარეულ თერთმეტეულად!
აბა, ახალი ფეხბურთელების გამოცდაო, იკითხავს მავანი. ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად ამხანაგური მატჩები არსებობს. იმედია, ახალი, ჯერ გაუგონარი არაფერი მითქვამს! ე.ი. ეს სანიოლმაც იცის და მისმა დამქირავებლებმაც მშვენივრად იციან! ერთჯერადად გამოსაძახებელი მოთამაშეების გამოყენება ასეთ მატჩებში და თანაც მათი უჩვეულო, ასევე ერთჯერად პოზიციებზე დაყენება, ექსპერიმენტი კი არ არის, მუშაობის იმიტაციაა და საქმეს თუ ვნებს, თორემ ვერაფერს მატებს! რაც გამოაჩინა კიდეც ესპანეთთან გუშინდელმა მუშაობის იმიტაციამ! იმიტატორის კი, ვერც ნდობა მექნება და ვერც იმედი!!!






