კოსოვოსთან მარცხის შემდეგ ინტერნეტსივრცეში საქართველოს ნაკრების ქომაგების გამოხმაურებების გაცნობას რამდენიმე საათი მოვანდომე. გაკვირვებულიც კი დავრჩი, ჯერ კიდევ რამდენი ჯიგრიანი ქომაგი ჰყოლია ქართულ ფეხბურთს. და ეს მიუხედავად მარცხებისა, საფეხბურთო ხელისუფალთა გადაცდომებისა, იმავე ქომაგთა უგულებელყოფისა და ბოლოს, საერთოდ უფეხბურთოდ დატოვებისა.

როგორ ელოდა სრულიად საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს… როგორ ელოდა ათობით ათასი ქომაგი კოსოვოსთან მატჩს… სურვილი იყოს, თორემ ბუას მოძებნას რა უნდა — ხან უეფა არ გვიშვებს სტადიონზე, ხან ჯანმო და ხანაც მშობლიური საკოორდინაციო საბჭო. ფეხბურთის ფედერაციას ისღა დარჩენია ხელები გაშალოს — მე რა ვქნაო?! იქნებ ერთი თვით ადრე მაინც სჯობდა მუშაობის დაწყება, რომ სტადიონზე ორჯერ აცრილი და კოვიდგადატანილი ხალხი შეეშვათ? იქნებ ისინი ვილი სანიოლზე მეტად დახმარებოდნენ ნაკრებს.

ვილი სანიოლი კი ტყუილად არ გვიხსენებია. ზოგადად, ჩვენში მიღებულია, კრიტიკა მეტისმეტად დელიკატური იყოს და სტრიქონებს შორის იკითხებოდეს. ალბათ, ამანაც მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. მწარე და არადელიკატური სიმართლე კი ისაა, რომ კოსოვოსთან მატჩი სანიოლის სრული ფიასკო იყო. საიდან დავიწყოთ, რომ რამე მის სასარგებლოდ ვთქვათ? შემადგენლობა? ტაქტიკური მონახაზი? თამაშის მიმდინარეობისას გადაწყობა? დროული და გამართლებული შეცვლები? რას ემსახურებოდა გაუთავებელი გადაცემები უკან და ვინ დააფრთხო ასე ძალიან გუნდი მოედანზე გასვლამდე? ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჩვენი გუნდის წევრებს ვარჯიშზე “კვადრატი” არ უთამაშიათ და კედელი არასოდეს გაუთამაშებიათ. მეტოქის კუთხურის ალამთან აუტს რომ აწვდი და ორი პასით ბურთი საკუთარ ნახევარზე ჩამოგაქვს, სად წერია?! დამატებული დროც რომ ამოწურულია და საჯარიმო დარტყმას მეტოქის საჯარიმოში დაკიდების ნაცვლად ცენტრში გაითამაშებ, ეგ სადღა წერია?! ეს კითხვები მხოლოდ ჩემი არ არის. იმ ბიჭებისაა, ნამატჩევს დამცირებულნი და უილაჯონი ინტერნეტს რომ მიასკდნენ ჯავრის ამოსათქმელად და აზრების გასაზიარებლად.

შორს წასვლაც არ არის საჭირო — ფეხბურთის ფედერაციის საიტზეც უამრავი ჯავრი ამოითქვა. ამ ბიჭებს ფეხბურთის ტაქტიკოსობას და სტრატეგობას ნუ მოსთხოვთ. მათი ვალი გულიანი ქომაგობაა და ამაში ბარეორი გაეჯიბროს. ახლა ესპანეთი გველოდება, შვედებთან მარცხით გავეშებული და უკან დასახევი გზის გარეშე დარჩენილი. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა წნეხი ელის ჩვენს გუნდს. სწორედ აქედან გამომდინარე, ერთადერთი რამ მინდა ვთხოვო ვილი სანიოლს: არაფრისდიდებით არ დააყენოს კარში მამარდაშვილი და არ დაუმსხვრიოს ფსიქიკა ამ უდავოდ ნიჭიერ ბიჭს.

მერე სამ დღეში ბულგარეთს უნდა ვეამხანაგოთ. სიმართლე გითხრათ, ორი მომქანცველი მატჩის შემდეგ ასეთი ამხანაგობის დანიშნულება ბუნდოვანია. ბუნდოვანია ისიც, რატომ მოვიძულეთ სტუმრების მიღება და ამხანაგურ მატჩებსაც ძირითადად სტუმრად რატომ ვმართავთ. მორიგი წყლის ნაყვა ამით დავასრულოთ. შეგვაჩვიეს. თუმცა, ქომაგები მაინც ქომაგებად ვრჩებით და იმედი გვაქვს, ეს ნერვების ხარჯი ამაო არ იქნება.