ჰარი კეინსა და „ტოტენჰემს“ შორის ომი გაჩაღდა — თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურს. ტრანსფერის საფასური, თეორიულად 160 მილიონი გირვანქაა, მაგრამ „სფურზი“ უძალიანდება, ვარსკვლავის შენარჩუნება უნდა. კეინი პროტესტის ნიშნად გუშინ ჰოთსფურ ვეიზე არ მივიდა. უნდა გამოცხადებულიყო და კოვიდის ტესტი აეღო.

კეინის საქციელმა ჩრდილოლონდონური კლუბი გააღიზიანა. თავმჯდომარე დენიელ ლევი ფეხბურთელის დაჯარიმებას აპირებს.

არადა, ზაფხულში ჰარი კეინსა და „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც პრემიერლიგის სეზონი მოახლოვდა, ვითარება აირია.

28 წლის ვარსკვლავს მიაჩნია, რომ მას ლევისთან ჯენტლმენური შეთანხმება ჰქონდა და „სფურზის“ შეფი, როგორც სიტყვის კაცი, ვალდებულია თავის სიტყვას უერთგულოს. კეინის მავანმა ახლობელმა „სანს“ უთხრა: „ჰარი დარწმუნებული იყო, რომ კლუბი მას „სიტიში“ გადასვლის ნებას დართავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საქმემ ის სახე მიიღო, როდესაც ფულიანი ხალხი ყველაფერს თავის ნებასურვილის მიხედვით აკეთებს“.

კეინის საქციელმა მისი თანაგუნდელები გააოცა. ისინი არ ელოდნენ, რომ თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის საუკეთესო თავდამსხმელი, რომელსაც კონტრაქტის თანახმად „ტოტენჰემთან“ კიდევ სამი წელიწადი აკავშირებს, ასეთ რადიკალურ ნაბიჯს გადადგამდა.

და როგორც ჩანს, ლევი ფეხბურთელისგან მაინც მოლაპარაკებებს, ვაჭრობას ელოდა, მან კი ცივად მოჭრა. თან, ზემოთ დასახელებული თანხა, რომელსაც „სფურზის“ შეფი ითხოვს, დიდია.

„სიტის“ 160 მილიონის ფულად გადახდას ხელს არ აძლევს. „ქალაქელებს“ ურჩევნიათ 100 მილიონი გადაიხადონ და 60 მილიონის ფარგლებში ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელი დაუმატონ. ამაზე ლევი ამბობს უარს. მას ფული უნდა.

„ტოტენჰემის“ ახალი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტო ამბობს: „ჰარი ჩვენი ფეხბურთელია. სხვას ვერაფერს გეტყვით. არც არის სალაპარაკო. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. არც კი მეპარება ეჭვი, რომ კეინი გუნდში დარჩება“.