„ბარსელონამ” ხუთგოლიან თრილერში გაიმარჯვა და ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა — „ბლაუგრანამ” „მესტალიაზე” „ვალენსიას” 3:2 აჯობა. სტუმართაგან ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ერთი — ანტუან გრიზმანმა. 34 ტურის შემდეგ, 76 ქულით ლიდერობს „ატლეტიკო”, რომელსაც „რეალი” და „ბარსა” ორი ქულით ჩამორჩებიან.

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. სტუმრებმა კარგად დაიწყეს. მათი თამაში აღარ ჰგავდა იმას, რომლის გამოც ხუთშაბათს „გრანადასთან” შინ 1:2 წააგეს, მაგრამ კარგა ხანს გოლი მაინც ვერ გაჰქონდათ. შესვენებამდე, თავისი წილი მომენტები ჰქონდა „ვალენსიასაც”.

ანგარიში 50-ე წუთზე მასპინძელმა გაბრიელ პაულისტამ გახსნა. ის კლემენტ ლენგლეს დაუსხლტა. ამ ეპიზოდში ბარსელონელებს მსაჯთან ჰქონდათ პრეტენზია, მეტოქეები მეკარე ტერ შტეგენის წინააღმდეგ წესს არღვევდნენო, მაგრამ გოლი ჩაითავლა.

„ბარსამ” ამ ეპიზოდსა და მსაჯობაზე ჩივილს მეტი დრო აღარ დაუთმო და მოედნის გადაღმა კარის ლაშქრობას შეუდგა. თავიდან, პენალტი მოინადირა, თუმცა მესის დარტყმული მეკარემ მოიგერია. სტუმრების საბედნიეროდ, მოგერიებული ბურთი სერხიო ბუსკეტსმა იხელთა, შემდეგ პედრიმ დაარტყა — ამ დარტყმულს ვალენსიელებმა გზა გადაუღობეს — და საბოლოოდ ეპიზოდი ისევ მესიმ დააგვირგვინა გოლით.

შემდეგი გოლი, გრიზმანმა შეაგდო — ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგის თავური მისმა თანამემამულე იესპერ სილესენმა მოიგერია, თუმცა ფრანგმა იყოჩაღა და დაამატა. შემდეგ კი მესიმ საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

შეხვედრის ბოლო, ძალიან ლამაზი გოლი, მასპინძლის კარლოს სოლერისა იყო.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს „ბარსელონა” ლიდერ „ატლეტიკოს” მასპინძლობს.

ლა ლიგაში ჯერ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წინ კიდევ ოთხი ტურია.