ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ყველა ბობოლას უნდა

„მანჩესტერ იუნიტედის” ტექნიკური გუნდი მომავალ კვირაში ოლე გუნარ სულშერთან ერთად დაჯდება და წამსვლელ-დამრჩენი ფეხბურთელების სიას ჩამოწერს. რამდენიმე დღის წინ კლუბი მენეჯმენტის სტრუქტურაზე ჩამოყალიდბა — საფეხბურთო დირექტორად ჯონ მარტუფი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი დაინიშნა.

სულშერთან ერთად თათბირზე მათ გარდა იქნებიან მეტ ჯაჯი, რომელიც გახლავთ საფეხბურთო მოლაპარაკებათა დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარე, მანჩესტერულ საქმეთა მთავარი დამტრიალებელი ედ ვუდვორდი.

როგორც „სანმა” შეიტყო, თათბირზე წამოწევენ ოთხ მთავარ საკითხს, რომელიც მათი აზრით ლეგენდარულ კლუბს „ხმაურიან მეზობლებთან”, „მანჩესტერ სიტისთან” გამაღიზიანებელ ჩამორჩენას გაამოასწორებინებს.

როგორც გაზეთი წერს, „იუნაიტედი” კონტრაქტის გაგრძელებას არ შესთავაზებს ედინსონ კავანის, რომელსაც ახლა ერთწლიანი ხელშეკრულება ეწურება. კავანი, მოგეხსენებათ, 34 წლის ურუგვაელი თავდამსხმელია.

თათბირზე, აგრეთვე, გადაწყვეტენ განაგრძონ თუ არა თანამშრომლობა 25 წლის ფრანგ ანტონი მარსიალთან, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” 2015 წლიდან თამაშობს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის წამყვან მოთამაშედ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა.

ყველაზე სასურველი ახალწვეული კი, რა მიხვედრა ამას უნდა, იქნება 20 წლის ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მის ხელში ჩასაგდებად „იუნაიტედს” დიდი კონკურენციის გაძლება და დაძლევა მოუწევს. ჰოლანდის ყიდვა ევროპის ლამის ყველა ბობოლას უნდა. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ნორვეგიელის „ოლდ ტრეფორდზე” ჩაყვანის გეგმა ჩაიშალოს და მაშინ სულშერს ისევ თავის მოთამაშეებთან მოუწევს მუშაობა. აქედან კი კითხვა, რომელიც წინა აბზაცს უკავშირდება: იქნებ მარსიალის გაშვება არც ღირდეს?

და კიდევ ერთი პუნქტი: სავარაუდოდ საჭირო იქნება ახალი ცენტრალური მცველი, რადგან 32 წლის სერბი ნემანია მატიჩი კლუბიდან წასვლას აპირებს და მას კალთებს აღარც დაახევენ. 24 წლის შოტლანდიელი სკოტ მაკ ტომინეი, რასაკვირველია გუნდში დარჩება.

ვინ შეიძლება იყოს ახალი ცენტრალური მცველი? სავარაუდოდ, ლაპარაკია „ვესტ ჰემის” 22 წლის ირლანდიელ მცველ დეკლან რაისზე, რომელიც, სხვათა შორის, პრემიერლიგის მორიგ ტურში დღეს დაუპირისპირდება „მანჩესტერ იუნაიტედს”. რაისი მანჩესტერელთა ახალი მენეჯმენტის ყველა წევრს მოსწონს, მაგრამ 80 მილიონი გირვანქა ეღირება.

რაც შეეხება მარჯვენა მცველს, მიმდინარე სეზონმა აჩვენა, რომ გუნდი ძალიან არის დამოკიდებული 23 წლის ინგლისელ არონ ვან-ბისაკაზე, ამიტომ მისი დამზღვევის შეძენაა საჭირო. ვაითუ ვან-ბისაკა დაშავდეს ან კარგად თამაში ვეღარ შეძლლოს.

და კიდევ, აუცილებლად სალაპარაკოა მეკარეზე. 24 წლის ინგლისელ დინ ჰენდერსონს ძირითადი გუნდის მთავარ მეკარეობამდე ბევრი აღარაფერი აკლია, საჭიროების შემთხვევაში 34 წლის არგენტინელ სერხიო რომეროსაც ენდობა კაცი, ასე რომ ესპანელ დავიდ დე ხეას შეიძლება დაემშვიდობონ კიდეც — თვეში 350 000 გირვანქის გადახდა ფეხბურთელისთვის, რომლის გარეშეც თურმე ფონს გასვლა შესაძლებელია, უაზრობაა.