ქართული ფეხბურთის 31-ე წლისთავზე ეროვნულ გუნდს 21-ე მწვრთნელი ჰყავს. მერვე უცხოელი, მეორე ფრანგი… ის 43 წლის ვილი სანიოლი გახლავთ. წარსულში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს 2006 წლის 2 სექტემბერს თბილისში, განახლებული „დინამო არენის“ გახსნაზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია. ფრანგებმა 3:0 მოიგეს. სანიოლის „მამლების“ მაისური 58-ჯერ მოურგია. საკლუბო დონეზე კი, „სენტ ეტიენში“, „მონაკოსა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ უბურთავია.

მშვენიერი საფეხბურთო კარიერაა. მით უფრო, ტიტულებსაც თუ გადავხედავთ: საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული (2001, 2003), „ბაიერნის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგისა (2001) და გერმანიის ხუთგზის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008).

No description available.
ბაიერნი – შალკე: სფფ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ვილი სანიოლი

იგივეს ვერ ვიტყვით სამწვრთნელო კარიერაზე: 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. შემდეგ საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ „ბორდოს“ ხელმძღვანელობდა. ბოლოს „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო და როდესაც იტალიელი გუნდიდან გაუშვეს, 8 დღეს წვრთნიდა ბავარიულ გრანდს.

საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობისას 6 თამაში მოიგო და ორი ფრედ ითამაშა. შესარჩევ ეტაპზე 100%-იანი შდეგი აქვს: ორჯერ მოუგო ბელარუსს, ამდენჯერვე სომხეთს, თითოც ყაზახეთსა და ისლანდიას. 2 ფრე კი, ამხანაგურად ითამაშა გერმანელ და ნიდერლანდელ თანატოლებთან. „ბორდოში“ 88 მატჩის ხელმძღვანელობა მოასწრო. სტატისტიკური მაჩვენებელი კი ასეთია: 35 მოგება, 27 ფრე და 26 წაგება. ბურთების შეფარდება კი, უარყოფითი – 122:124-ზე. ბაიერნში მუშაობის 8 დღის მანძილზე მხოლოდ ერთი მატჩი გამართა და ჰერტასთან, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

ბოლო 3,5 წელიწადი უმუშევარი იყო…