„ტოტენჰემის” ფეხბურთელები შესვენებისას, გასახდელში, საქმეს ურჩევდნენ ერთმანეთს. სერჟ ორიე სტადიონიდანაც კი გაიქცა. იმავდროულად, თითქოს ყველა უბედურებას ერთად უნდა მოეყარა თავი, ჰარი კეინმა ორივე კოჭი იტკინა და როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე კვირით ჩამოსცილდა საქმეს.

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” „ლივერპულთან” შინ 1:3 წააგო.

ჩრდილოლონდონელ ფეხბურთელებს შორის შავმა კატამ პირველი ტაიმის ბოლოს, მეოთხე წამატებულ წუთზე გაირბინა, როდესაც ისინი დაცვაში შეცდნენ და რობერტო ფირმინომ გოლი გაუტანა. შემდეგ, შესვენებისას, ჟოზე მოურინიუმ გადაწყვიტა სერჟ ორიე შეეცვალა. ფეხბურთელმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და გავეშებული შინ გაიქცა.

ჟურნალისტებმა ორიეს გაქცევის შესახებ ცოტა გვიან გაიგეს. ამიტომ, მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე, შესვენების დროს შექმნილი მძიმე ატმოსფეროს შესახებ ზოგადად ილაპარაკა:

„ეს იყო იმ გუნდის განწყობილება, რომელიც ჩამორჩენას ვერ შეეგუა. მართლაც ძნელია მშვიდად მიიღო გოლი (იხ. ვიდეო), რომელიც ზუსტად ისეთი სიტუაციიდან გავიდა, პირველ წუთზე თავად რომ გქონდა. გასახდელში თავს ბედნიერად არავინ გრძნობდა”.

კეინს კი მეტოქეებმა ორივე კოჭში მიარტყეს, რის გამოც ნატკენი ადგილები გაუსივდა და სტადიონი ხანგრძლივი მკურნალობის უსიამოვნო მოლოდინში დატოვა. ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავს სკანირებას კოჭების დაცხრომამდე ვერ ჩაუტარებენ, 48 საათის შემდეგ კი იტყვიან, რამდენი ხნით მოუწევს დასვენება.

მოურინიუ: „კეინმა ორივე კოჭი დაიზიანა. პირველი შეჯახება განსაკუთრებით სახიფათო იყო. მას ტიაგომ ატკინა. მეორე ეპიზოდში კი კარგად ვერ გავარჩიე ვინ მიარტყა. არ ვიცი, რა იქნება. ალბათ, რამდენიმე კვირის გაცდენა მოუწევს. ტრავმა სერიოზული რომ არ იყოს, ჰარი არაფრის დიდებით დატოვებდა შეხვედრას, რომელშიც ძალიან უნდოდა მონაწილეობა”.

მოურინიუსგან განსხვავებით ჩინებულ გუნებაზე იყო იურგენ კლოპი, რომლის გუნდმაც ბოლო ექვს მატჩში პირველად გაიმარჯვა და კვლავ გამოამჟღავნა ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის პრეტენზია.

„კმაყოფილი ვარ. დიდებულად ვითამაშეთ. ეს იყო საუცხოო ინტენსიობა. გოლებიც ყველაზე ხელსაყრელ მომენტებში გავიტანეთ და მათი ავტორები ის ფეხბურთელები იყვნენ, ვისგანაც ამას ყველაზე მეტად ველოდი. ამ შეხვედრაში ჩვენ ვაჩვენეთ ვინ ვართ, როგორია ჩვენი არსი. დიდი ბრძოლაც გავმართეთ და ჩინებული ფეხბურთიც ვითამაშეთ. ეს იყო კარგი სანახაობა და მე ვნახე ბევრი ისეთი რამ, რისი ნახვაც მონდოდა”, — თქვა გერმანელმა.

მაგრამ, კლოპის ცენტრალური დაცვა კვლავ პრობლემების წინაშეა. ფაბინიო „ტოტენჰემთან” შეხვედრისთვის მზადების დროს დაშავდა, ხოლო ერთადერთი ნამდვილი ცენტრალური მცველი ჟოელ მატიპი სტადიონიდან შინ კოჭლობით წავიდა. გაჩნდა ეჭვი, რომ მატიპს ექიმებთან მოუწევს დაბრუნება.

კლოპი არ გამორიცხავს, რომ ორშაბათამდე დარჩენილ დღეებში სატრანსფერო ბაზარზე მოუხდება გაქცევა და ახალი სტოპერის შეძენა:

„ყველაფერზე ვფიქრობთ. გვინდა სწორი ნაბიჯი გადავდგათ. ის, რაც ჩვენს თავს ხდება, დაუჯერებელია. თუ ახალ ფეხბურთელს შევიძენთ, „ლივერპულისთვის” ზედგამოჭრილი უნდა იყოს”.

ხოლო, გოლების თანმიმდევრობა „ტოტენჰემისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში ასეთი იყო: ფირმინომ ანგარიში გახსნა, რასაც, შესვენების შემდეგ, 47-ე წუთზე, ალექსანდერ-არნოლდის მეორე გოლი მოჰყვა. მერე, „სფურზმა” შეამცირა სხვაობა — ჰოიბერგმა შეაგდო, მაგრამ ბოლოს ისევ „ლივერპულმა” იყოჩაღა — 65-ე წუთზე სადიო მანემ გაიტანა.