ელ კლასიკო მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანებს ისეთი ხალხიც მიუსხდება, რომლებმაც ფეხბურთის სამყაროში მხოლოდ ათი გვარი თუ იციან. „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა, დღეს კი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ორი დიდი კაპიტანისა და ლეგენდის – სერხიო რამოსისა და ლეო მესის 41-ე შერკინებას ვიხილავთ.

… „ბარსას“ ათიანი ამ თამაშის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (26 გოლით) და რა გასაკვირია, მას მაშინაც გაჰქონდა, როდესაც „რეალის“ დაცვას რამოსი ამაგრებდა, მის წინააღდეგ არგენტინელმა ეს – 22-ჯერ შეძლო.

… კაპიტნების ურთიერთშეხვედრები ასე გამოიყურება – ბარსელონას გამარჯვება 19-ჯერ დარჩა, სამეფო გუნდს – 12-ჯერ.

… ფეხბურთელები ელ კლასიკოში პირველად ერთმანეთს 14 წლის წინ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაუპირისპირდნენ. ეს ის შეხვედრაა, რონალდინიომ შოუ რომ მოაწყო და აპლოდისმენტები მადრიდული პუბლიკისგანაც დაიმსახურა. ის თამაში „ბარსას“ სასარგებლოდ დამთავრდა – 3:0

…პირველი შეხვედრა, სადაც კლასიკოში ორივემ გოლი გაიტანა 2007 წელს გაიმართა, „კამპ ნოუზე“ მაშინ 19 წლის მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, სერხიომ კი 2:2-ზე მესამე გოლი გაიტანა.

… კარიერაში რამოსმა პირველი ორი კლასიკო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოიგო, თუმცა შემდეგი წლების განმავლობაში „ბარსელონას“ შეჩერებას ხშირად ვეღარ ახერხებდა.

… 2008/09 წლის სეზონში „ბარსამ“ „რეალი“ მადრიდში 6:2 დაამარცხა, იქ რამოსმა ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მესიმ ორით უპასუხა.

… ამ თამაშიდან მოყოლებული, „ბლანკოსმა“ „ბერნაბეუზე“ „ბარსა“ მხოლოდ ორჯერ დაამარცხა – 2012/13 წლების სეზონში 2:1 და 2014/15 წლების სეზონში 3:1 (რამოსმა ამ შეხვედრაში გაიტანა).

… აღსანიშნავია 2016/17 წლების სეზონის შეხვედრა, რომელიც „კამპ ნოუზე “1:1 დასრულდა – გვიანი გოლი აქაც სერხიოს ანგარიშზეა.

… რამოსი უპირატესობას ესპანეთის თასის გათამაშებაში ფლობს, სადაც მესი 7-დან 5-ჯერ (აქედან 2 ფინალი) დაამარცხა. არგენტინელს ამ შეხვედრებში გოლი არ გაუტანია.

… ჩემპიონთა ლიგის 2010/11 წლების სეზონის ნახევარფინალში, „ბერნაბეუზე“ მესიმ ორჯერ გაიტანა – აქედან ერთში საოცარი ინდივიდუალური შესრულებით – მეტი კაპიტნებს ამ ტურნირზე ერთმანეთის წინააღმდეგ აღარ უთამაშიათ (რამოსმა განმეორებითი შეხვედრა გამოტოვა)

…მართალია ესპანეთის სუპერთასზე რამოსის „რეალმა“ მესის „ბარსელონა“ 3-დან 2 შეხვედრაში დაამარცხა, თუმცა არგენტინელის ანგარიშზე ამ შეხვედრებში გატანილი 6 გოლია.

…„რეალის“ კაპიტანი ელ კლასიკოში თავის 44-ე მატჩს ჩაატარებს, „ბარსელონას“ ლიდერი 43-ს.

ყველაზე მეტი გოლი ელ კლასიკოში

მესი – 42 შეხვედრა და 26 გოლი

დი სტეფანო – 30 შეხვედრა და 18 გოლი

რონალდუ – 30 შეხვედრა და 18 გოლი

რაული – 37 შეხვედრა და 15 გოლი

პუშკაში – 18 შეხვედრა და 14 გოლი

სეზარ როდრიგესი – 28 შეხვედრა და 14 გოლი

ყველაზე მეტი თამაში ელ კლასიკოში

 რამოსი – 43

ხენტო – 42

მანოლო სანჩესი – 42

ხავი – 42

მესი – 42