პეპ გვარდიოლა გაცხარდა. კატალონიელის აზრით „ლივერპულისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მისი გუნდის სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს. თან, პენალტის არდანიშვნა ერთია და ვიდეორეფერი მათ გადამოწმებასაც რომ არ ინებებს, მეორე. ამიტომაც, საფინალო სასტვენის შემდეგ გვარდიოლა მსაჯ მაიკლ ოლივერს ირონიული მადლობებით მივარდა.

„სიტის” მწვრთნელისა და გულშემატკივრებისთვის ძნელი გადასატანი გამოდგა პირველი საეჭვო ეპიზოდი, როდესაც არბიტრმა მერსისაიდელთა კარში ხელით თამაშისთვის თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, რასაც „წითლების” კონტრშეტევა და გოლი მოჰყვა. ასე გაიხსნა ანგარიში. პენალტის არ-დანიშვნიდან „ლივერპულის” გოლამდე 22 წამი გავიდა.

როგორც გითხარით, ამ შეხვედრაში „ქალაქელებს” კიდევ ერთი სადავო სიტუაციის გადახედვაზე უთხრეს უარი. ამ დროს ანგარიში უკვე 3:1 იყო და „წითლებმა” თავიანთ საჯარიმოში კვლავ ხელით ითამაშეს.

ტელევიზორში კარგად გამოჩნდა გვარდიოლას ემოციური რეაქცია და პროტესტი, რომ ეს უკვე მეორე თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს. მატჩის შემდეგ კი „ტიკი-ტაკას” განერვიულებული შემოქმედი ოლივერთან მივიდა, ხელი მრავალმნიშვნელოვნად ჩამოართვა და ორჯერ სარკასტულად გაუმეორა: „დიდი მადლობა!” მოგვიანებით, გვარდიოლამ თქვა, რომ მისი მადლობა დაცინვას არ შეიცავდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სიმართლე.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ „სქაი სპორტთან” ინტერვიუში თქვა: „ამ ეპიზოდებზე მე ნუ მეკითხებით. მსაჯებს ჰკითხეთ. კიდევ, მაიკ რაილისა და იმ ბიჭებს, VAR-თან რომ ისხდნენ. მე მხოლოდ ჩვენს თამაშზე შემიძლია გელაპარაკოთ და გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ასე კარგად სულ ერთი-ორჯერ თუ გვითამაშია”.

როდესაც ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა გვარდიოლას უთხრა, რომ მაიკ რაილისთან კომენტარისთვის მისვლას ვერ ახერხებს, „სიტის” მწვრთნელმა უპასუხა:

„სწორედ ამაშია საქმე”.

მოგეხსენებათ, რაილი ყოფილი მსაჯია, რომელიც დღეს პრემიერლიგის თამაშებზე არბიტრების დანიშვნასა და მუშაობაზეა პასუხისმგებელი.