ჟულიენ ბენეტო ცუდი ჩოგბურთელი იყოო, არ ითქმის. ერთი პერიოდი რეიტინგის 25-ე ნომრობასაც უწია, რაც ადვილად რომ არ მიიღწევა,ლაპარაკიც უადგილოა. ცოტა არ იყოს გასაკვირია, მაგრამ ბენეტომ აქტიური კარიერა 37 წლის ასაკში ისე დაასრულა, რომ ATP-ის ერთი ტიტულის მოგებაც ვერ შეძლო, მაგრამ რასაც სპორტსმენობის პერიოდში ვერ მიაღწია,  მწვრთნელობით ანაზღაურებს.

ვაჟთა და ქალთა შორის შესაბამისად დევისის და ფედერაციის თასის გათამაშებები ხომ ჩოგბურთში უმთავრესი გუნდური ტურნირებია. ჰოდა, ეს ტურნირი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ქალთა ნაკრებმა მესამედ მოიგო. ბოლოს ფრანგებმა ჩემპიონობა 2003 წელს იზეიმეს, ხოლო პირველად გემო 1997 წელს გაუსინჯეს.

და რა შუაშია ჟულიენ ბენეტო? თავშია! საფრანგეთის ქალთა ნაკრების კაპიტანი სწორედ ის გახლავთ, რომელმაც შეგირდები მშვენივრად დამოძღვრა და ფინალში, ავსტრალიის საკმაოდ ძლიერი ნაკრები მათსავე ტერიტორიაზე დაამარცხა. ფედერაციის თასის ფინალური ჯახი მწვანე კონტინენტზე, ქალაქ პერჩში გაიმართა და ქომაგებსაც, რა თქმა უნდა, მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ეშლი ბარტის ეიმედებოდათ, მაგრამ თავისიანებს მანაც ვერ უშველა. მეტიც – ფრანგების საბოლოო გამარჯვების დროს მართალია წყვილთა შორის, მაგრამ კორტზე სწორედ ეშლი ბარტი იმყოფებოდა.

ფინალი მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და ანგარიშზე 2:2, ჩემპიონის ბედი წყვილების დაპირისპირებას უნდა გაერკვია, სადაც კაროლინ გარსიამ და კრისტინა მლადემოვიჩმა გამოცდილ სამანტა სტოსურს და ბარტის აჯობეს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი ჩეხეთის ნაკრები იყო, ხოლო ფედერაციის თასი ყველაზე მეტჯერ (18) ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს მოუგია.