ადრე ათიანი, თავიუფალი მხატვარი, ყველა გუნდს ჰყავდა, თუმცა დრომ მოიტანა და ესთეტიკა რაციონალიზმმა დაჩაგრა – დღეს ეს პოზიცია თანამედროვე ფეხბურთიდან თითქმის გაქრა. ტექნიკურად სრულყოფილმა ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაიკავეს ადგილი. ხავიმ და ინიესტამ მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ მოქნილობას შეუძლია ველური და მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ფეხბურთი დაამარცხოს.

ესპანეთმა და „ბარსელონამ“ ერთ დროს სცადეს მთელი მსოფლიოსთვის ეკარნახათ, რომ ტიპური ცენტრფორვარდების დრო დასრულდა, საჭირონი აღარ არიან დიდი ბიჭები, რომლებიც გოლების გატანაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. ისეთმა დიდმა ნაკრებებმა, რომლებსაც ამ პოზიციაზე რაოდენობრივად ევროპაში ყველაზე კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ, თითქოს მხარი აუბეს და „ცრუ ცხრიანით“ დაიწყეს თამაში. რა თქმა უნდა, გერმანიას და ჰოლანდიას ვგულისხმობთ.

გავიდა ხანი და გამოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი ნებაყოფლობით კი არა იძულებით იყო გადადგმული. „ბაიერნმა“ გერმანელი გოლების მანქანა რომ ვერ ნახა, რობერტ ლევანდოვსკი წაიყვანა; პსჟ-ს კავანი და იკარდი ერთად ჰყავს; „რეალს“ – ბენზემა; „ბარსას“ – სუარესი; „იუვეს“ – იგუაინი; „ინტერს“ – ლუკაკუ; „სიტის“ – აგუერო; „ტოტენჰემს“ – კეინი. ჩელსის 19 წლის ფორვარდმა, ტამი აბრაჰამმა საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა და მას უკვე ახალ დროგბას უწოდებენ.

თუმცა, ამ წერილის გმირი იმ ჰოლანდიის კვაზი სეხნიაა, დღეს უფროვარდოდ რომ არის დარჩენილი. დღეს მას სახელს არასწორად ეძახიან და „ჰაალანდს“ უწოდებენ. ასე ის ხალხი ამბობს, ვისაც მისი სახელის მოძიება დაეზარა. სწორი ისაა, ერლინგს მშობლებმა რა დაარქვეს და მეგობრები რას უწოდებენ – ჰოლანდი. ქართულად იმ დიდი ნაკრების წარმოთქმა ყურს თუ არ გვჭრის, მიუღებელი ესეც არ უნდა იყოს.

რას აკეთებს ეს ჰოლანდი ასეთს? მაღალი, ტიპური ცენტრფორვარდი, გოლების ნამდვილი მანქანა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 3 ტურში ყველაზე მეტი – 6 გოლი გაიტანა. 19 წლის ვუნდერკინდმა ისეთი დიდი ფიგურის რეკორდი მოხსნა (3 თამაშში 5 გოლი), როგორიც დიდიე დროგბაა.

პირველად საყოველთაო აღიარება მაშინ მოიპოვა, როცა 20 წლამდელთა ნაკრებში ჰონდურასს ერთ თამაშში 9 გოლი გაუტანა. მაშინ ნორვეგიამ 12:0 მოიგო.

დღეს, „ზალცბურგის“ მაისურით, ყველა ტურნირზე, 19 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი…

კობრაა, რომელიც ფეხებზე მყარად დგას და მისი ყველა გასროლა სასიკვდილოა.

ზუსტად ვიცი, ზამთარში ყველა გრანდი რიგში ჩადგება და ჰოლანდის გადასაბირებლად მაგიდაზე ასეულობით მილიონს დადებს.

და „ცრუ ცხრიანი“? გამოდის, რომ ეს უფრო სანაკრებო ფენომენია და მაშინ გამოიყენება, როცა ერს კვალიფიციური ცენტრფორვარდი არ ჰყავს…