არ იყო ცუდი იდეა: ფედერაციის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით და მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ერთის მხრივ, ქართული ფეხბურთით დაინტერესებული მედია მეორე მხრივ. ორი საათის განმავლობაში სათქმელი შეძლებისდაგვარად ალალად ითქვა. სადღაც საერთო აზრი მოინახა, სადღაც კი ყველა საკუთარ აზრზე დარჩა. თუ ორ სიტყვაში ვეცდებით ჩატევას, უპრიანია, შეხვედრას “შეცდომების გასწორება” დავარქვათ: რა ვერ ბრძანა მთავარმა მწვრთნელმა ისე როგორც უნდიდა და სად ვერ გაუგეს კარგად ჟურნალისტებმა. საუბარი კონკრეტულ ფეხბურთელებზეც იყო და რომ არ გადაგღალოთ, ვაისის ნათქვამს თეზისებად შემოგთავაზებთ.
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ შეხვედრები და საუბარი კარგია, მაგრამ პასუხგაუცემელ კითხვებსაც რომ ბევრი არაფერი დაკლებია?! მაგალითად:
– ირლანდიასთან მარცხს ლორიას არავინ აბრალებსო და იქვე ვამბობთ, გოლისას კედელი ცუდად დააყენა და ამიტომ გავუშვითო.
– ორივე მარცხზე პასუხისმგებლობას ვიღებო და იქვე ვამბობთ, რომ შვეიცარიასთან კანკავასთვის მითითების მიცემის მიუხედავად, გუნდმა მაღალი პრესინგი ითამაშა, გადაიღალა და ზონებიც გაუთავისუფლა მეტოქეს. ასე მგონია, ესეც მარცხის ფეხბურთელებზე გადაბრალების მსუბუქი ვერსიაა.
– ფსიქოლოგიურად ფეხბურთელები წნეხს არ განიცდიანო და იქვე ვამბობთ, ჩვენები თუ ყაზახეთში და პოლონეთში თამაშობენ და მეტოქეების ინგლისში, თავს ზემოთ მეტი რა ძალააო. ამით არ ხომ ვუჩენთ იმ ჩვენებს კომპლექსს „ათი თავით მაღალი“ მეტოქის წინაშე? ეს პატარა ბიჭები ხომ სწორედ ასე აღიქვამენ მეტოქის ქება-დიდებას?
– კვირკველიას პოზიციურ შეცდომაზე და ჩვენი ფეხბურთელების საკლუბო პრობლემებზე საუბარიც ვერ ჯდება ბოლომდე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ჩარჩოებში.
… მაგრამ რაც იყო, იყო. სჯობს ასე, ვიდრე არანაირად.
იმედია, კიდევ შევხვდებით და შეცდომების გასწორებისას დაშვებულ შეცდომებსაც გავასწორებთ…

– არ მითქვამს რომ ზოგადად უშანსოდ ვართ შვეიცარიასთან ან ირლანდიასთან. მე ვთქვი იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ამ ორი შეხვედრისას შეგვექმნა. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა. ამ მდგომარეობაში ალბათ ვერც ყაზახეთს და ლატვიას მოვუგებდით.
– კვირკველიამ იცის, რატომ არ იყო ძირითადში. მქონდა გარკვეული პრეტენზიები. როცა შემოვიდა, გაშვებული გოლისას პოზიციური შეცდომა დაუშვა. მოსკოვში დავესწარი მის თამაშს. კარგი იყო. მესიამოვნა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ძირითადში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენა. თუ ასე გააგრძელა, მალე ნაკრებშიც ვუხმობთ.
– ჩვენ მივეცით ქართულ ფეხბურთს იმედი, რომ 2020 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. ბელორუსთან მოგება არ იქნება იოლი. სპეციალურად ამხანაგურებშიც ძლიერი მეტოქეები შევარჩიეთ – ჩილე და ხორვატია…



