აჰა, გასრულდა და როგორც ფიფამ უკვე გამოაცხადა, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატამდე არა 4, არამედ ოთხი წელი და 6 თვე მოგვიწევს ლოდინი. თუმცა გარწმუნებთ, ეს დროც მალე გაირბენს.
როგორი ჩემპიონატი იყო? ნუ, გააჩნია, ვინ ბრძანდებით. მესის ფანებისთვის (ყოველ შემთხვევაში, მათი მოზრდილი ნაწილისთვის) – საძაგელი და ყოვლად უინტერესო. საერთოდ, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად მოისმენდით, ეს რა ჩემპიონატია: ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი, პორტულაგია, გერმანია გავარდნენო. არადა, ჩემპიონატის არსი სწორედ ის არის, რომ გუნდები უნდა ვარდებოდნენ და ამდენი გუნდი ერთდროულად ფინალში ვერაფრით გავა.
ისე, რა უცნაურია: პარიზში ფინალის შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფებმა დარბევები დაიწყო. დალეწეს ყველაფერი, რაც გზად შეხვდათ, პირველ რიგში კი მაღაზიების ვიტრინები და ვაი, სირცხვილო – იმ დარბეული მაღაზიებიდან რაღაც-რაღაცები ხელსაც გააყოლეს. ამის გამო ფრანგი პოლიციელებისგან ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი იგემეს.
რა იგემეს პანკ-ჯგუფ „ფუსი რიოტისის“ მონაწილეებმა, ბოლომდე ცნობილი არ არის. შეგახსენებთ: საბჭოთა მილიციის ფორმიანი გოგონები და ბიჭები ფინალის მსვლელობისას მიედანზე ჩახტნენ და ამით გააპროტესტეს პუტინის პოლიტიკა.
ისინი კი, ვინც პუტინის პოლიტიკით მაინცდამაინც უკმაყოფილოები არ არიან, მოედანზე ილუმპებოდნენ. ჯანი ინფანტინოს, ემანუელ მაკრონისთვის და ხორვატთა პრეზიდენტისთვის პუტინის ქოლგის ქვეშ ადგილი არ მოიძებნა. და იცით, როგორი შეგრძნება მაქვს: ეს კადრი ისევე დარჩება ამ ჩემპიონატის სიმბოლოდ, როგორც ვთქვათ, ზიდანის თავური მატერაცის მკერდზე 12 წლის წინ.
თუმცა დასამახსოვრებელი კიდევ ბევრი რამაა და ქვემოთ სწორედ ასეთი ფაქტების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ.
ფაქტი 1. რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფიდან ისტორიაში პირველად გავიდა.
ფაქტი 2. მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად ჩატარდა ერთდროულად ევროპასა და აზიაში. მასპინძელი ქალაქებიდან უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე ეკატერინბურგი ევროპისა და აზიის გეოგრაფიულ გზაგაზაყარზე მდებარეობს.
ფაქტი 3. ზედიზედ მესამედ მოხდა, რომ მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა. ის, რაც ახლა გერმანელებს დაემართათ, 2010 წელს იტალიელებს, 4 წლის წინ კი ესპანელებს შეემთხვათ.
ფაქტი 4. ბელგიის ნაკრები პირველი გუნდია ბოლო 48 წლის განმავლობაში, რომელმაც 2 გაშვებული ბურთის შემდეგ თამაშის სათავისოდ შებრუნება მოახერხა. ბელგიელებმა ეს იაპონიასთან გააკეთეს.
ფაქტი 5. ფრანგი კილიან მბაპე მეორე თინეიჯერი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა. მან 2 ბურთი არგენტინას გაუტანა. პირველი პელე იყო.
ფაქტი 6. ოქროს ბუცი ჰარი კეინს გადაეცა 6 გოლისთვის.
ფაქტი 7. ოქროს ბურთი ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მიიღო.
ფაქტი 8. კილიან მბაპე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ფაქტი 9. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასულ ყველა გულშმატკივარს, რომელსაც ეგრეთ წოდებული გულშემატკივრის პასპორტი აქვს, წლის ბოლომდე რუსეთში უვიზოდ კიდევ ერთხელ ჩასვლა შეუძლია.
ფაქტი 10. ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი მატჩით მეტი გამოუვიდა. საქმე ის არის, რომ ხორვატებმა პლეი ოფში სამჯერ ითამაშეს 30-30 წუთი დამატებით დროში.
ფაქტი 11. 1979 წლის შემდეგ ირანელ ქალებს პირველად მისცეს უფლება სტადიონზე კაცებთან ერთად შესულიყვნენ და თავიანთი ეროვნული გუნდისთვის ეგულშემატკივრათ. ეს თეირანის „აზადის“ სტადიონზე მოხდა, სადაც უზარმაზარი მონიტორი იყო დადგმული.
ფაქტი 12. ეს პირველი ჩემპიონატი იყო, სადაც ვიდეოგამეორების სისტემა გამოიყენეს.
ფაქტი 13. კრიშტიანუ რონალდუ პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელია ბოლო 52 წლის განმავლობაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტი გააფუჭა. რონალდუს ირანელმა მეკარე ალირეზა ბეირანვარდმა აუღო.
ფაქტი 14. ყველაზე დიდი ანგარიშით ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსებმა და ინგლისელებმა მოიგეს. მათ საუდის არაბეთი და პანამა 5-ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს.
ფაქტი 15. ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი ნეიმარი მოედანზე ჯამში 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში იწვა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატების აბსოლუტური რეკორდია. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ამ ფაქტს არა ერთი სტატუსი მიუძღვნეს.
ფაქტი 16. ყველაზე მრავალფეროვნული საფრანგეთის ნაკრები იყო. 23 ფეხბურთელიდან 17 მიგრანტების შვილები არიან. მათგან 12 კი აფრიკის კონტინენტიდან.
ფაქტი 17. ესპანეთის ნაკრებს ისტორიაში არასდროს დაუმარცხებია მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. ტრადიაცია რუსეთშიც გაგრძელდა.
ფაქტი 18. ნიგერიის ნაკრების კაპიტნის ჯონ იობი მიკელის მამა არგენტინასთან მატჩის დაწყების წინ გაიტაცეს. ფეხბურთელმა ამის შესახებ თანაგუნდელებს არაფერი უთხრა. გატაცებული ნიგერიის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლა.
ფაქტი 19. პლეი ოფში გასული 16 გუნდიდან 10 ევროპული იყო. ვერც ერთმა აფრიკულმა ნაკრებმა ჯგუფიდან ვერ გააღწია.
ფაქტი 20. მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ბევრს ლაპარაკობდნენ სექსიზმზე.
რამდენიმე ჟურნალისტ ქალს პირდაპირი ეთერის დროს გულშემატკივრებმა კოცნა დაუპირეს.
ფაქტი 21. დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ავსტრალიის, ისლანდიის ლიდერებმა მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს და რუსეთში არ ჩავიდნენ.
ფაქტი 22. შვეიცარია – სერბეთის მატჩის დროს შვეიცარიელთაგან ბურთები შაქირიმ და ჯაკამ გაიტანეს. ორივე წარმოშობით კოსოვოელია და გოლები ალბანური არწივის გამოსახვით აღნიშნეს. ამის გამო ორივე მათგანი დაჯარიმდა.
ფაქტი 23. სკანდალში გაეხვა ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი დამაგოი ვიდაც, რომელმაც რუსეთის დამარცხების შემდეგ „სლავა უკრაინე“ დაიძახა, მოგვიანებით კი ამის გამო ბოდიში მოიხადა.
ბონუს-ფაქტი: ვლადიმირ პუტინმა ყოველგვარ წესიერებასა და ზრდილობაზე უარი თქვა და დაჯილდოების ცერემონიალზე ქოლგის ქვეშ იდგა, მაშინ როცა ინფანტინო, მაკრონი და ხორვატიის ქალბატონი პრეზიდენტი თავსხმა წვიმაში ილუმპებოდნენ.