ძველი თაობის გულშემატკივარს ეხსომება შეკითხვა: მარადონა პელეა? ეს 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისის ამბავია, როდესაც დიეგო დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში ყველა ახალშობილ ვარსკვლავს პელეს ადარებდნენ, რადგან ეტალონი ის იყო. და აი, გუშინ, ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებთა თამაშის შემდეგ, რომელიც „სელესაომ” 2:0 მოიგო კვლავ მოგვეცა „ფეხბურთის მეფის” ხსენების საშუალება: კოუტინიუ პელეა? უფრო სწორედ კითხვის ნიშანი არც არის საჭირო: კოუტინიუ პელეა.
საქმე ის გახლავთ, რომ „ბარსელონას” თავდამსხმელმა, ფილიპე კოუტინიუმ სერბეთთან შეხვედრაში ჩინებული პასი მიაწოდა ნაკრებსა და კლუბში თანაგუნდელ პაულინიუს, რომელმაც ანგარიში გახსნა. შედეგად, კოუტინიუ გახდა პელეს მერე პირველი ბრაზილიელი, რომელმაც კარიერაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ საწყის სამივე შეხვედრაში ან გოლი გაიტანა ან საგოლე პასი ჩააწოდა. აქამდე ისეთი რამ მხოლოდ პელემ შეძლო 1958 წელს.
ჯგუფური ეტაპის სამი მატჩის შემდეგ ფილიპე კოუტინიუმ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გადააწოდა.
„მე მუდმივად სივრცეების ძებნაში ვარ. სწორედ ამიტომ გავიტანეთ სერბეთთან ჩვენი პირველი გოლი. კოუტინიუ ფენომენალური ფეხბურთელია. მან დიდებული პასი მომაწოდა და მეც გოლის გატანის მეტი არაფერი დამრჩენოდა. ჩვენი მიზანი მერვედფინალში გასვლა იყო. ეს მიზანი შესრულებულია”, — თქვა პაულინიუმ, რომელსაც გერმანიის ნაკრებზეც ჰკითხეს.
„გერმანიის ნაკრების ამბები არ მაინტერესებს და ამიტომ იმის შესახებ რაც მათ შეემთხვათ, კომენტარს ვერ გავაკეთებ” — უპასუხა ბარსელონელმა.