რენში 1:3 მარცხით გაწბილებულმა ოსმან დემბელემ Ligue 1+თან ინტერვიუში ბრაზი ვერ დამალა. როგორც ჩანს 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ ლაურეატს თანაგუნდელებმა მოუშალეს ნერვები.
„ძალიან ცუდად დავიწყეთ, – თქვა პარიზელთა ერთადერთი გოლის ავტორმა, – მეტი ჟინის გამოვლენა გვმართებდა. ჩვენ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ უნდა ვთამაშობდეთ. თუ მარტო საკუთარი თავისთვის ვითამაშებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ასე ტიტულს ვერ მოვიგებთ. შარშან ჯერ კლუბზე ვფიქრობდით და მერე საკუთარ თავებზე. ეს დამოკიდებულება უნდა აღვადგინოთ, განსაკუთრებით ასეთ შეხვედრებში. უკვე სეზონის მეორე ნახევარია. ჩემპიონი პსჟ უნდა გახდეს და არა რომელიმე ცალკეული ფეხბურთელი. ვიმეორებ, კლუბისთვის უნდა ვითამაშოთ და არა ჩვენი თავისთვის’’.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე პარიზელების მწვრთნელს ლუის ენრიკეს დემბელეს კომენტარი გააცნეს და კომენტარი სთხოვეს. ესპანელი ისე აღელდა, რომ ფრანგულს თავი ვერ მოაბა და კითხვას მშობლიურ ენაზე გასცა პასუხი:
„კაპიკია ფეხბურთელის მიერ თამაშის დამთავრების შემდეგ გაკეთებული განცხადების ფასი. ის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. არც მწვრთნელის განცხადება ნიშნავს ბევრს, მაგრამ ფეხბურთელის – განსაკუთრებით. მე მოთამაშის ერთ კითხვასა თუ ერთ პასუხზეც კი არ გავაკეთებ კომენტარს. არასდროს მივცემ ფეხბურთელს უფლებას თავი კლუბზე მაღლა დააყენოს. გუნდზე პასუხისმგებელი მე ვარ. კლუბზე მეტი კი არავინ არის. არც მე, არც სპორტული დირექტორი და არც პრეზიდენტი. ასე რომ, მატჩისშემდგომი განცხადებები არაფერს ნიშნავს’’.
ჟურნალისტებმა ლუის ენრიკეს აგრეთვე ჰკითხეს, თუ როგორ შეიძლება შევადაროთ გუნდის შთამბეჭდავი თამაში „მარსელთან’’ „რენთან’’ უსახურ თამაშს.
– შედარება ძალიან მარტივია. მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი ზუსტად იგივე გვქონდა რაც წინა შეხვედრაში, უბრალოდ „მარსელთან’’ ხუთი გოლი გავიტანეთ, „რენთან’’ კი ერთი.
„პარი სენ ჟერმენს’’ შემდეგი თამაში აქვს ჩემპიონთა ლიგაში, სამშაბათს (საქართველოში ფორმალურად უკვე ოთხშაბათი იქნება) „მონაკოს’’ წინააღმდეგ. კითხვაზე, ხომ არ ღელავს ამ თამაშის წინ, ლუის ენრიკემ უპასუხა:
„მე ყოველდღე ვღელავ, რადგან მინდა თამაშის ხარისხს მუდამ ვაუმჯობესებდეთ. ჩემი ფეხბურთელებისგან სულ მეტს და მეტს ვითხოვ. დღევანდელი მატჩი იმიტომ არის განსაკუთრებით სამწუხარო, რომ მანამდე „ლე კლასიკში’’ საუცხოოდ ვითამაშეთ. „რენთან’’ კი სრულიად საპირისპირო სურათი გვქონდა. სამწუხაროა, მაგრამ რას იზამ. ასეთია ფეხბურთი’’.





