Fans of Georgia U23 look up during the UEFA European U23 Football Championship Qualifier match between Netherlands U23 and Georgia U23 at Stadion de...ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B2 ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილო ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან ერთად. წილისყრის შედეგებზე უნგრულ „ნემზეთი შპორტთან’’ ინტერვიუში თავისი აზრი გამოთქვა უნგრეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა 61 წლის მარკო როსიმ.

„კარგია, რომ არ შევხვდით ისეთ ძლიერ გუნდებს როგორებიც არიან შვეიცარია და ავსტრია, მაგრამ ჯგუფში მაინც ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს.

საქართველო ბოლო პერიოდში ჩვენზე უკეთ თამაშობს. ის ჩვენგან განსხვავებით ევრო 2024-ზე თავისი ჯგუფიდან ფლეი-ოფის ეტაპზე მოხვდა. მას ჩინებული ფეხბურთელები ჰყავს. მე ეს გუნდი სახიფათო მოწინააღმდეგედ მიმაჩნია, განსაკუთრებით მის მოედანზე.

რაც შეეხება უკრაინას, კარგად ვიცით, თუ რა პირობებში უწევს ამ ქვეყანას მატჩებისთვის მზადება და მათში მონაწილეობა. ამის მიუხედავად ის მაინც იბრძვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად. პლუს, უნდა დავამატო, რომ მას ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს. მე სერჰი რებროვი საუცხოო მწვრთნელად მიმაჩნია.

ერთი სიტყვით, ჯგუფში იოლი მატჩი არ გვექნება. უკრაინის მსგავსად ჩრდილოეთ ირლანდიაც აგრძელებს ბრძოლას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, რაც მის დონეზე მიუთითებს. B ლიგაში სუსტი გუნდები არ არის და ყველა შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაციით მოგვიწევს თამაში’’.

უკრაინის ნაკრების თავკაცი რებროვი 2018-21 წლებში უნგრეთში მუშაობდა, „ფერენცვაროშს’’ ედგა სათავეში. ჟურნალისტებმა როსის, რომელიც დიდი ხანია უნგრულ ფეხბურთში ტრიალებს, მასთან ურთიერთობაზე ჰკითხეს. როგორც ირკვევა, ფეხბურთის ამ ორ სპეციალისტს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს გაუყვანია გუნდები.

ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს. რამდენჯერმე გვქონია ურთიერთობა. ის ჩემს მუშაობას ფრიად აფასებდა, ისევე როგორც მე მისას. უნგრეთში მას ყველა იცნობს, განსაკუთრებით „ფერენცვაროშის’’ გულშემატკივრები. მათ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ რებროვი საუცხოო პროფესიონალია. უკრაინის წინააღმდეგ თამაში ისედაც ძნელია და მწვრთნელის ფაქტორი ამოცანას კიდევ უფრო გაგვირთულებს’’.

ერთა ლიგას ყველა მწვრთნელი თავისებურად უყურებს. ზოგი მას ზედმეტ დატვირთვად და წინააღმდეგობად მიიჩნევს, ხოლო ზოგი თავისი გუნდის თამაშის დახვეწის შესაძლებლობას ხედავს. „ნემზეთი შპორტის’’ ჟურნალისტებმა როსის მისი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხეს.

„ერთა ლიგა ოფიციალური შეჯიბრებაა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის ამ შეჯიბრებაში კარგად თამაში საჭირო ის გახლავთ, რომ აქედან გუნდები ევროპის ჩემპიონატზე გადიან. ამიტომ, გასაგებია რა უნდა ვცადოთ შემოდგომაზე, მაგრამ მანამდე ოთხი ამხანაგური შეხვედრა გველის’’.

აქამდე ცნობილი იყო, რომ უნგრეთის ნაკრები ითამაშებდა ორ ამხანაგურ შეხვედრას, 28 მარტს სლოვენიასთან და 31 მარტს საბერძნეთთან, წილისყრის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გუნდი 5 ივნისს შინ ფინეთთან და 9 ივნისს სტუმრად ყაზახეთთანაც ისპარინგებს. ამაზე უნგრელების მწვრთნელმა თქვა:

„ყველაფერ სხვასთან ერთად მინდა ეს შეხვედრები ახალგაზრდა ფეხბურთელების გასაცნობად და თამაშის ახალი ელემენტების დასანერგად გამოვიყენო. ჩემთვის ცხადია, რომ წარმატებისთვის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. თანამედროვე ფეხბურთში ოთხი ფაზის გამოყოფაა შესაძლებელი: ბურთის ფლობა, ბურთიანი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ თამაში, გადასვლა დაცვიდან შეტევაზე და შეტევიდან დაცვაზე. ამ ოთხიდან სამში ძლიერები ვართ, რაც პორტუგალიასთან შესარჩევ შეხვედრებში კარგად გამოჩნდა. ამ მატჩებში იყო პერიოდები, რომლებიც ფაქტობრივად პორტუგალიელების დონეზე ჩავატარეთ. სტუმრად ფრეც კი ვითამაშეთ, მაგრამ დაცვაში ღრმად ჩაჯდომა გვიჭირს. როდესაც ეს გვიწევს, შეცდომებს ვუშვებთ. გუნდურად თავს კარგად ვიცავთ, თუმცა უშუალოდ მცველებს მეტი კონცენტრაცია მოეთხოვებათ. ჩვენ ყოველ შეხვედრაში მოგება უნდა ვცადოთ. ის პრობლემები, რომლებმაც გასულ სეზონში ხელი შეგვშალა საჭიროა აღმოიფხვრას’’.