ტოპ 14

„სტად ფრანსეს“ ქართველმა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 ლელო გაიტანა! ბურჯისთვის ეს თავისთავად უნიკალური შედეგია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით პირველობის ეკვატორიც არ გადალახულა…

ლელოცაა და ლელოც: „ასპინძა“ „რასინგ-92“-თან მატჩში 49-ე წუთზე მარქაფიდან ჩაერთო და უკვე დიდი ხნის, 3-ზე მეტი წუთის გაწითლებულ დროში ლელო გაიტანა, რომელმაც „სტად ფრანსეს“ დედაქალაქური დერბის არწაგების შანსი გაუჩინა, ხოლო ამ ლელოს გარდასახვით ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 20:20. კიდევ ერთხელ: ეს იყო გიორგის მე-6 ლელო სეზონის მე-11 მატჩში, სულ კი, 29 წლის პირველხაზელის ანგარიშზე ტოპ 14-ის 130 მატჩში 11 ლელოა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია თანამედროვე ლეგიონერთა შორის. რაც შეეხება „სტად ფრანსეს“, პარიზული კლუბი 33 ქულით ცხრილის მე-5 ადგილზეა.

მელიქიძის არ იყოს, კომპენსირებულ დროში ლელოს გატანა 22 წლის კვაჭმა ნიკა სუთიძემაც მოახერხა – მისმა „ლა როშელმა“ თავის ბოლო შეტევაში ძალიან მყარი მოლი შექმნა, ბორჯღალოსანი დებიუტანტი კი საჭირო მომენტში ბურთიანად გაზონზე დავარდა. „ლა როშელმა“ „ბაიონი“ 49:17 გაანადგურა, ნიკამ კი სეზონში თავისი პირველი ლელო მე-6 მატჩში დადო. მისი ჯამური კარიერული მონაგარიც ჯერჯერობით მოკრძალებულია – ტოპ 14-ის 15 მატჩი და 2 ლელო. თუმცა, აშკარაა, რომ ახალგაზრდა სწრაფად პროგრესირებს და მას ნათელი მომავალი ელის.

ლიდერად კი ბექა გორგაძის „პო“ რჩება, რომელიც ამ საპატიო სტატუსს მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ ინაწილებს. ბასკებმა გასულ ტურში გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „მონტობანი“ 53:17 გაანადგურეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი მატჩი ორი მცირეხნიანი პაუზით პირველიდან ბოლო წუთამდე ჩაატარა.

„ტულუზმა“ თავისი 5 ქულა ასევე სტუმრად, ლიონში მოინადირა – 41:19.

ტოპ-ექვსეულში ადგილი „მონპელიემაც“ შეინარჩუნა, რომელმაც „კასტრს“ მძიმე ჯახი 33:31 მოუგო. ლუკა ჯაფარიძე გამარჯვებულთა შორის 57-ე წუთზე გამოჩნდა.

საინტერესო ამბავი: „პერპინიანმა“ მხოლოდ მე-11 ტურში მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება – „კლერმონს“ 26:20 სძლია, თუმცა ჯამური 5 ქულით კვლავაც ცხრილის ფსკერზეა და „მონტობანს“ 2 ქულით ჩამორჩება. გიორგი თეთრაშვილი კატალონიელებს 50-წუთიანი სოლიდური თამაშით შეეწია.

პრო დ2

„ორიაკმა“ აჟენში 26:35 წააგო, თუმცა მაგარ ფორმაში მყოფმა თედო აბჟანდაძემ კვლავ შედეგიანად ითამაშა. ბორჯღალოსანმა მგეზავმა 4 ჯარიმითა და 1 გარდასახვით 14 ქულას მოუყარა თავი და მხოლოდ ერთი გარდასახვა გააცუდა. თედოს სეზონის 11 მატჩში უკვე 80 ქულა აქვს, ხოლო პრო დ2-ის ჯამურ 43 შეხვედრაში – 295!

თედოსგან განსხვავებით, მის სანაკრებო კონკურენტ ლუკა მატკავას თამაში არ მისდის – მისმა „ოიონაქსმა“ ბიარიცში უიმედოდ, 17:42 წააგო, ხოლო თავად ლუკას რამდენიმე დარტყმა გაუფუჭდა. შედეგად, მან მხოლოდ პირველი, მე-3 წუთზე გატანილი ლელო გარდასახა და თამაში 2 ქულით დაასრულა. ჯამში მას ლიგის  7 მატჩში 19 ქულა დაუგროვდა.

პრემიერშიპი.

„ექსეტერმა“ დედაქალაქში იქაურ „სარასენსს“ ბონუსით სძლია – 30:24. ამ მოგებით „ექსეტერი“ ცხრილში მეორე ადგილზე დაფუძნდა, ხოლო ბაჩუკი ჭუმბაძემ პირველიდან 50-ე წუთამდე დამაჯერებლად ითამაშა.