Tottenham Hotspur v Liverpool - Premier League„ლივერპულის’’ შვედი თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი „ტოტენჰემთან’’ შეხვედრაში ისე დაშავდა, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობა მოუწევს. 26 წლის ვარსკვლავს მერსისაიდელთა მიერ 2:1 მოგებულ შეხვედრაში მოედნის დატოვება შესვლიდან 14 წუთში მოუხდა. მას სავარაუდოდ ძვალი აქვს მოტეხილი.

ისაკი მოედანზე შესვენებისას შევიდა, 56-ე წუთზე ჩრდილო ლონდონელთა კარში გოლი გაიტანა, მაგრამ მიკი ვან დე ვენის მიერ მიყენებული დარტყმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. გოლი, რომელიც შვედმა გაიტანა მისთვის მიმდინარე სეზონში მესამე გახლდათ. ექიმები ზუსტ დიაგნოზს მრტ-ს შემდეგ იტყვიან.

ახლა „ლივერპული’’ თავს განაწყობს, რომ ფორვარდი, რომელშიც ზაფხულში დიდძალი ფული გადაიხადა, ფაქტობრივად სეზონის მეორე ნახევრის ბოლომდე გამოაკლდება. შეგახსენებთ, რომ „წითლებმა’’ შვედის სანაცვლოდ „ნიუკასლს’’ ბრიტანეთისთვის სარეკორდო თანხა 130 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს. „დორტმუნდის’’ ყოფილი თავდამსხმელი ლივერპულელთათვის განსაკუთრებით ცუდ დროს დაშავდა. მო სალაჰი აფრიკის ერთა თასზეა წასული და იანვრის შუამდე ალბათ ვერ დაბრუნდება. შესაბამისად, არნე სლოტს შეტევაში ვარიანტები აკლდება, არადა ინგლისში საახალწლოდ თამაშები ჭარბადაა: 27 დეკემბერს „ლივერპული’’ აუტსაიდერ „ვულვერჰემპტონს’’ ხვდება, ახალი წლის დღეს კი „ლიდსს’’ უნდა დაუპირისპირდეს.

ისაკი, რომელმაც „ენფილდზე’’ გადაბარგების მერე 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ცხადია ორივე შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა მარტო ამ ორი ტურის გაცდენაზე რომ იყოს ლაპარაკი რა უჭირდა.

„ლივერპულის’’ განკარგულებაში რჩება ერთადერთი თავდამსხმელი, „ფრანკფურტისგან’’ 79 მილიონ გირვანქად შეძენილი ფრანგი უგო ეტიკიკე ,რომელმაც „ტოტენჰემს’’ მეორე გოლი გაუტანა.

ამასობაში კი 34 წლის კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა თქვა, რომ სლოტი შობა დღეს გუნდს ასვენებს.

„ძალიან კარგი ჟესტია. შობას ოჯახთან ერთად შევხვდები’’, ― თქვა ჰოლანდიელმა.