დიახ, ასეა. სხვა ეპითეტს ძნელად თუ მოუძებნი იმას, რაც „შავ ლომს“ ირლანდიის ქალაქ გალუეის „დექსკომ სთედიუმზე“ შეემთხვა. ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ირლანდიის მწვანე კუნძულს სტუმრობდა და ეს სტუმრობა მართლაც კატასტროფული შედეგით დასრულდა – იქაურმა „კონახტმა“ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდს 8 უპასუხო ლელო გაუტანა, მათ შორის 3 – მასპინძელთა ბრწყინვალე კაპიტანმა, ეროვნული გუნდის წევრმა პოლ ბოილმა, ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა ფულბექმა სემ ჯილბერტმა 8-დან 6 ლელო გარდასახა და „კონახტის“ 52 ქულაც ასე შედგა.

…და „შავმა ლომმა“? არც არაფერი. უფრო სწორად – ვერაფერი. როგორც რიჩარდ კოკერილს მატჩამდე უთქვამს, გუნდს 14-საათიანმა მგზავრობამ მოუწია და ბიჭებმა ძალების აღდგენა ვერ მოახერხეს. ეს თვალშისაცემი იყო – ქართველი მორაგბეები თავგანწირვით იბრძოდნენ, ძალა, ღონე და ზოგიერთმა ჯანმრთელობაც არ დაიშურეს, მაგრამ თავსზემოთ ძალა არაა, ჩვენს ბიჭებს ერთი ხეირიანი შეტევაც არ გამოსვლიათ. ასე განიცადა „შავმა ლომმა“ თავის ისტორიაში ყველაზე მსხვილი და მტკივნეული მარცხი. ჩვენს ფრენჩაიზს „კონახტზე“ ბევრად სოლიდურ გუნდებთანაც უთამაშიათ და ასეთი უსუსურობა მათ არასდროს ახასიათებდათ.

მესამე და მეოთხე ტურები – იანვარში. იმედია, ირლანდიაში დაშავებული ვეტერანები – ნიკოლოზ ხატიაშვილი და შალვა მამუკაშვილი მომდევნო 4 კვირაში ტრავმების მოშუშებას შეძლებენ – ამ გუნდს რამე თუ აკლია, ეს უპირველესად გამოცდილებაა…