როგორც ჩანს მო სალაჰზე ტყუილად არ ამბობენ, ჟურნალისტებს მაშინ ელაპარაკება როდესაც თავად სჭირდებაო. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წინა შეხვედრის (ლიდსში 3:3) მერე ეგვიპტელმა თავად მიაკითხა მიქს-ზონაში შეკრებილ ჟურნალისტებს და გასაუბრება სთხოვა, „ბრაიტონთან’’ 2:0 მოგების შემდეგ კი როდესაც პრესის წარმომადგენლებმა კომენტარი სთხოვეს, ღიმილით უპასუხა: „ზედიზედ ორი წუთი უნდა ვილაპარაკო? არა!’’
„ბრაიტონთან’’ სალაჰი მოედანზე 26-ე წუთზე შევიდა, როდესაც ჯო გომესმა ფეხი იტკინა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ამ დღეს ეგვიპტელმა შესანიშნავად ითამაშა. შეხვედრაში ორივე გოლი უგო ეკიტიკემ გაიტანა. მეორე ეპიზოდში საგოლე პასი ფრანგს მან მიაწოდა, პირველში კი გომესმა, რომელიც ფორვარდმა შეცვალა.
ახლა, როდესაც მერსისაიდზე იმედი ჩაესახათ, რომ გუნდმა კრიზისი დაძლია, დარჩა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: აფრიკის ერთა თასის შემდეგ სალაჰი ისევ „ლივერპულის’’ ფეხბურთელი იქნება თუ აღარ?
გულშემატკივარმა ყურადღება მიაქცია, რომ ეგვიპტელი მატჩის შემდეგ მოედანზე დიდხანს დარჩა, ხალხს ტაშს უკრავდა და გაჩნდა ეჭვი, რომ ემშვიდობებოდა. სავარაუდოდ, აფრიკის თასის მსვლელობისას სალაჰის აგენტებს ბევრი კლუბი დაუკავშირდება. დიდი შანსია, რომ ისინი საუდის არაბეთიდან მსუყე შეთავაზებას მიიღებენ, რითაც შესაძლოა ინგლისური კლუბიც მოიხიბლოს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ 33 წლის ვარსკვლავი „ენფილდზე’’ დარჩეს.





