Zuriko DAVITASHVILI during the Ligue 2 BKT match between Dunkerque and Saint Etienne at Marcel Tribut Stadium on December 6, 2025 in Dunkerque,...სად დაამთავრებს სეზონს ზურიკო დავითაშვილი? 24 წლის ქართველს ლიგა 2-ის კლუბ „სენტ ეტიენთან’’ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი ალბათობით სხვაგან გადავა. ზაფხულში „სენტ ეტიენმა’’ ყველა ღონე იხმარა თავდამსხმელი რომ შეენარჩუნებინა. დავითაშვილის შეძენა უნდოდა რამდენიმე კლუბს როგორც საფრანგეთში ასევე მის გარეთ, მაგრამ „მწვანეებმა’’ ის არ გაუშვეს. ამან ქართველი გააბრაზა და სეზონის წინ „პარიზსა’’ და „კალიარისთან’’ ამხანაგურ შეხვედრებში პროტესტის ნიშნად არ ითამაშა, მაგრამ შემდეგ დაწყნარდა და სეზონის პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა: 14 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე პასი.

„მინდა მეტი გავიტანო და მეტი საგოლე მომენტი შევქმნა, რათა გუნდს ლიგა 1-ში დაბრუნებაში დავეხმარო. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს: გადავიყვანოთ „სენტ ეტიენი’’ იქ, სადაც მისი ადგილია’’, ― თქვა დავითაშვილმა ნოემბერში, მაგრამ ნოემბერში სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილია და ხალხი სხვანაირად ლაპარაკობს. „სენტ ეტიენის’’ ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი, ვილი სანიოლის ხელში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, „ბორდოს’’ ყოფილი ფეხბურთელი „ბეშიქთაშს’’ მოსწონს. დაზუსტებული ცნობაც სწორედ ისაა, რომ სტამბოლის კლუბმა უკვე კონკრეტულად გამოხატა თავისი ინტერესი და იანვარში ქართველის გადაყვანას აპირებს.

ფრანგული საიტები წერენ, რომ „ბეშიქთაშში’’ გადასვლის ვარიანტი თავად ფეხბურთელს მოსწონს და რაკი ასეა „სტეფანუას’’ დირექტორატი წინააღმდეგობას აღარ გაუწევს. დაასახელეს კონკრეტული რიცხვიც:  დავითაშვილი „სენტ ეტიენმა’’ „ბორდოსგან’’ 2024 წელს 6 მილიონ ევროდ იყიდა, ახლა კი შეუძლია 9 მილიონად გაყიდოს.

ამის მიუხედავად Footmercato წერს, რომ დავითაშვილის ყიდვა სხვა ევროპულ კლუბებსაც უნდათ (მათ ჯერ არ ასახელებენ) და ამიტომ არ არის გამორიცხული მთელი ვაჭრობა გაჩაღდეს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯი ჯერ მარტო თურქებმა გადადგეს.