
ვაშინგტონში გამართული წილისყრის შემდეგ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატმა უფრო მკაფიო კონტურები შეიძინა. დაზუსტდა რომელი თამაში სად და როდის გაიმართება. ზოგი შეხვედრა, მაგალითად, საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება, თუმცა იქნება მატჩები, რომელთა დაწყების დრო იქნება ღამის 4 საათი. სულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვედრები 13(!) სხვადასხვა დროს დაიწყება.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს სამი ქვეყნის 16 ქალაქი უმასპინძლებს, რომლებიც ოთხ სასაათო ზოლში არიან განლაგებულები. ყველაზე დაშორებულ ქალაქებს შორის მანძილი 4506 კილომეტრია. ეს ყველაფერი ზაფხულის კლიმატთან ერთად გუნდების თამაშში კორექტივებს შეიტანს.
კანზას სიტიში ჯგუფური ეტაპის ხუთი შეხვედრა გაიმართება. ყველაზე ადრეული კანზასური შეხვედრა საქართველოს დროით ღამის 3 საათზე დაიწყება, ყველაზე გვიანი კი დილის 6 საათზე.
სან ფრანცისკოში ორი მატჩია. ორივე ჩვენი დროით დილის 8 საათზე დაიწყება. ასეთ დროს დაიწყება ვანკუვერში დანიშნული თამაშებიც.
ჯამში ჯგუფურ ეტაპზე სულ არის 35 შეხვედრა რომელთა დაწყების დრო ღამის 3 საათიდან დილის 8 საათამდე უწევს. სულ ჯგუფურ ეტაპზე 72 მატჩი გაიმართება.
ყველაზე მეტი, 12 თამაში საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.
ფლეი-ოფიდან საქმე ასეა: მეთექვსმეტედფინალის შეხვედრებიდან ექვსი ჩვენთან ღამის 3 საათზე დაიწყება. ამავე დროს დაიწყება მერვედფინალის ორი და მეოთხედფინალის ერთი შეხვედრა.
ნახევარფინალები და ფინალი 23 საათზე გველის.
ჯგუფური ეტაპის რომელი საინტერესო შეხვედრა დაიწყება უხერხულ დროს? ასეთია მაგალითად ურუგვაი-ესპანეთი, რომელიც დილის 4 საათზე დაიწყება.





