ეროვნული ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა. „იბერიამ“ შინ 2:1 დაამარცხა „გაგრა“, 80 ქულა მოაგროვა და ორი პუნქტით გაუსწრო „დილას,“ რომელმაც შინ „დინამოსთან“ დაკარგა ქულები – 2:2. თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც მეორე ადგილზე დარჩებოდა, რადგან „იბერიას“ ურთიერთშეხვედრებში ჰქონდა უპირატესობა და თანაბარი ქულების შემთხვევაშიც იპირველებდა.
მთელი მეოთხე წრის განმავლობაში, 28-ე ტურიდან მოყოლებული, „იბერია“ და „დილა“ თანაბარი ქულებით მიდიოდნენ ტიტულისკენ.
„იბერია“ ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდა (ისტორიაში კი მესამედ 2018, 2024, 2025) და მესამე გუნდი გახდა ტიტულების რაოდენობით. მასზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონები მხოლოდ ქუთაისის „ტორპედო“ (4-ჯერ) და თბილისის „დინამო“ (19-ჯერ) გამხდარან.
სწორედ იბერიელები წარმოადგენენ მომავალ ზაფხულს საქართველოს ღირსებას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. „დილა,“ ტორპედო“ და „დინამო“ კი კონფერენციის ლიგაში ცდიან ბედს.
„იბერიამ“ გასულ სეზონში სამი მწვრთნელი გამოიცვალა. თავიდან გუნდს ლევან კორღალიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც გია გეგუჩაძემ შეცვალა, ბოლოს კი იბერიელები გუგა ნერგაძის თავკაცობით გახდნენ ჩემპიონები, რომელიც მხოლოდ 29 წლისაა.
ფითის „კოლეთი“ უკვე დაემშვიდობა ელიგას და მის ადგილს მომავალ სეზონში ლიგა 2-ის გამარჯვებული „რუსთავი“ დაიკავებს. „თელავს“ (მე-8 ადგილი) და „გარეჯს“ (მე-9 ადგილი) კი პლეი-აუტის რაუნდის ჩატარება მოუწევთ დაბალლიგელებთან: „თელავი“ ტყიბულის „მეშახტეს“ (მე-3 ადგილი ლიგა 2-ში) შეხვდება. „გარეჯი“ კი „სპაერს“ (მე-2 ადგილი ლიგა 2-ში).
„ტორპედომ“ „გარეჯს“ 2:1 მოუგო, ერთი ბურთი ქუთაისელთა ნორვეგიელმა შემტევმა ბიორნ იონსენმა გაიტანა, ჯამში 21გოლი მოუგროვდა და ზედიზედ მეორედ გახდა ეროვნული ლიგის ბომბარდირი (შარშან 23 გოლი).
სხვათა შორის, „იბერია“ და „დილა“ სამ დღეში ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში. მატჩი 10 დეკემბერს, თბილისში, „დავით პეტრიაშვილზე“ გაიმართება და 19 საათზე დაიწყება.
ბათუმი 3:2 კოლხეთი
1:0 ხოზრევანიძე (7), 2:0 ბარამიძე (21), 3:0 ჯაფარიძე (39), 3:1 გიორგი კვირკველია (54), 3:2 ნიკოლას-ნიკა კაპანაძე (90+2)
თელავი 3:0 სამგურალი
1:0 ჩხეტიანი (3), 2:0 ბაშელეიშვილი (84), 3:0 არველაძე (90+1)
ტორპედო 2:1 გარეჯი
1:0 ღუდუშაური (41), 2:0 იონსენი (57), 2:1 ქომეთიანი (73)
იბერია 2:1 გაგრა
1:0 ჯინჯოლავა (24), 1:1 მუჯირი (60), 2:1 მამაგეიშვილი (61)
გაძევება: ძაგანია (32) – იბერია, სკრიპნიკი (75) – გაგრა
დილა 2:2 დინამო
0:1 ვაწაძე (5 პენ), 1:1 ხლაიხალი (75), 1:2 სირაძე (85), 2:2 კონტე (90+2)





